ემიგრაციის შვილები-18 წლის ნიკა კიკაჩეიშვილის წარმატებები და მიღწევები სამშობლოსგან შორს

ემიგრაცია ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე სენსიტიური თემაა,სამწუხაროდ საქართველოს ძალიან ბევრი მოქალაქე სხვადასხვა ქვეყნაში ემიგრანტია .

კიდევ უფრო მძიმეა ალბათ,როდესაც ქვეყანას ტოვებს მომავალი თაობა,ის თაობა,რომლებმაც რეალურად უდა აკეთოს საქმე,ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ.

EDITORI.GE დაუკავშირდა ემიგრაციაში მყოფ ნიკა კიკაჩეიშვილს, ნიკა 18 წლისაა,ბევრი მიმართულებით არის განვითარებული და საკმაოდ კარგი გეგმები აქვს ცხოვრებაში,გეგმებთან ერთად პერსპექტივა,რომ ის ერთ-ერთი საამაყო შვილი იქნება ჩვენი ქვეყნის.

როგორც ჩემთან საუბარში აღნიშნა,აუცილებლად დაბრუნდება საქართველოში,რომ ყველა მისი რესურსი,მის სამშობლოში გამოიყენოს.

ნიკას გეგმების და მიღწევების შესახებ კი უფრო ვრცლად იხილეთ ინტერვიუ :

1.მოგესალმები ნიკა,გთხოვ გაეცანი ჩვენს მკითხველს,ვინ ხარ, რამდენი წლის ხარ და  საიდან ხარ?

მე ვარ ნიკა კიკაჩეიშვილი, 18 წლის თბილისიდან

2.რამდენი წელია რაც ესპანეთში ცხოვრობ? და ვისთან ერთად ცხოვრობ?

უკვე ორ წელიწადზე მეტია რაც მე და ჩემი ოჯახი გადმოვედით ესპანეთში საცხოვრებლად.

3.საკმაოდ რთულ ასაკში მოგიწია საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, როგორ გადალახე ეს სირთულე და რა იყო ყველაზე რთული , რა გაგიჭირდა?

ნამდვილად, ძალიან რთული აღმოჩნდა 16 წლის ასაკში ყველაფრის შეცვლა. მეგობრებთან, სკოლასთან და გუნდელებთან განშორება და ჩემი კარიერის დასრულება საქართველოში. ესპანეთში ჩამოსვლისას ბევრი სირთულის გადალახვა დამჭირდა. პირველი სირთულე იყო ესპანური ენის არ ცოდნა, მაგრამ რადგან ინგლისურ ენას კარგად ვფლობ დიდად არ შემქმნია ენის ბარიერი. მეორე სირთულედ შეიძლება ჩაითვალოს სკოლა. ენის არ ცოდნის გამო ძალიან რთული იყო ბავშვებთან ურთიერთობის დამყარება, მაგრამ ნელ-ნელა ყველაფერი თავისით დალაგდა.

 4.საკმაოდ წარმატებული ბიჭი ხარ მოახერხე და მოკლე დროში მიაღწიე ბევრ რამეს, მოგვიყევი ამის შესახებ

ჩემი სპორტული კარიერა იწყება 10 წლის ასაკიდან როდესაც პირველად დავიწყე ვარჯიში ფრენბურთზე. სამი წლის შემდეგ გადავედი თბილისის გუნდში და საქართველოს ჩემპიონატს თბილისის სახელით ვთამაშობდი. ორი წლის შემდეგ იყო ფრენბურთის ეროვნული ახალგაზრდული ნაკრების შერჩევა, სადაც წარმატებით გავიარე და მოვხვდი ახალგაზრდულ ნაკრებში. ვითამაშე ორი საერთაშორისო ჩემპიონატი: აღმოსავლეთ ევროპის ზონალური ასოციაციის ფრენბურთის ჩემპიონატი და ევროპის 18 წლამდელთა ჩემპიონატი რომელიც ჩატარდა უკრაინაში. ამ ყველაფერთან ერთად ასევე ვსწავლობდი “სამოქალაქო ჟურნალისტიკის კლუბში” რამდენიმე თვით და რა თქმა უნდა სკოლასაც თავისი ადგილი ჰქონდა ჩემს ცხოვრებაში და რათქმაუნდა მნიშვნელოვანიც. 2016 წლიდან 2018 წლამდე უკვე გავხდი ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრი და საბედნიეროდ მომიწია ბევრი მნიშვნელოვანი საქმის გაკეთება ამ ორი წლის განმავლობაში. 2018 წლიდან კი უკვე ვცხოვრობ ესპანეთში, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში ისევ მაქვს ურთიერთობა ჩემს მეგობრებთან, გუნდელებთან და თანაპარტიელებთან. ესპანეთში როდესაც ჩამოვედი ვეძებდი ფრენბურთის კლუბს, რადგან გამეგრძელებინა იქ თამაში. საბედნიეროდ ვიპოვე “ლეგანესის ფრენბურთის კლუბი” სადაც გავიარე შესარჩევი ეტაპი, მოვეწონე და 2 წლიანი კონტრაქტით დავიწყე კლუბში თამაში და საკმაოდ დიდ წარმატებასაც მივაღწიეთ. გავხდით მადრიდის რეგიონის ჩემპიონები და ესპანეთის ეროვნულ ჩემპიონატში 60 გუნდიდან მეხუთე ადგილი დავიკავეთ. ესპანეთშივე დავამთავრე სკოლა.

5.რა მოგწონს ამ ქვეყანაში,ამ ხალხში ყველაზე მეტად?

ყველაზე მეტად რაც მომწონს ესპანეთში და ესპანელებში არის მათი სტუმართმოყვარეობა. გაგრძნობინებენ თავს ისე, რომ შენ ქვეყანაში ხარ. ესპანელებს არ აქვთ რასისტული დამოკიდებულება უცხოელებისადმი, პირიქით, გვერდში დაგიდგებიან ისე როგორც თავიანთ თანამოქალაქეს.

6.რა არის შენი სამომავლო გეგმები?

ჩემი სამომავლო გეგმები ძირითადად უკავშირდება ჩემს სამსახიობო კარიერას. ამ ეტაპისთვის დაკავებული ვარ მცირე სამსახიობო კურსების გავლით და სექტემბრიდან, როდესაც ახალი სასწავლო წელი დაიწყება უკვე ვაპირებ სასცენო-სამსახიობო უნივერსიტეტში ჩაბარებას. ამ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ძალიან დიდი შესაძლებლობა მომეცემა, რომ ვიმუშაო იმ პროფესიით რაც მიყვარს და ვაპირებ ჩემი მთლიანი ცხოვრება დავუთმო.

7.აპირებ დაბრუნებას საქართველოში?

რა თქმა უნდა ვაპირებ საქართველოში დაბრუნებას. მაქვს სამომავლო გეგმებიც დასახული ,რომელიც მინდა საქართველოში განვახორციელო და ჩემი განათლება ჩემს ქვეყანას მოვახმარო.

8.როგორ ფიქრობ ამდენ წარმატებას მიაღწევდი საქართველოში?თუ ნიჭთან ერთად სხვა გარემოა საჭირო?

მე ვფიქრობ რომ ნიჭთან ერთად ადამიანს მიზანი უნდა ჰქონდეს დასახული და იბრძოლოს ამ მიზნის მისაღწევად. თუ ადამიანი იბრძვის ამ მიზნისთვის მას ყველაფერი გამოუვა. არ აქვს მნიშვნელობა სად ცხოვრობს და რამდენი წლისაა. თუ გაქვს მიზანი დასახული, იბრძოლე ამ მიზნისთვის.

9.რას ურჩევდი კონკრეტულად შენი ასაკის ახალგაზრდებს?

პირველ რიგში მინდა ვუთხრა ჩემს თანატოლებს რომ შეეშვან ამ უაზრო ქუჩურ გარჩევების. ეს გარჩევები ვერაფერ სასიკეთოს ვერ მოუტანს თქვენს ცხოვრებას, პირიქით ამით ვკარგავთ ძალიან პერსპექტიულ თაობას და ისეთ ახალგაზრდებს როგორიც გიორგი შაქარაშვილი იყო, რომლებიც უმიზეზოდ ეწირებიან ამ ყველაფერს. ჩემს თანატოლებს ვურჩევდი რომ დაკავდნენ სპორტული ცხოვრებით, ისწავლონ და თავისუფალი დრო რაიმე პროდუქტიულის შექმნას დაუთმონ. ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ის თაობა და ვართ ის თაობა რომელიც აუცილებლად შეცვლის საქართველოს მომავალს უკეთესობისკენ. უბრალოდ უნდა დავისახოთ მიზანი და ვიბრძოლოთ ამ მიზნის მისაღწევად.

503

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Copy link
Powered by Social Snap