ლაბრადორი, რომელიც კურიერად მუშაობს

კოლუმბიაში 8 წლის ლაბრადორი ეროსი კურიერად მუშაობს და კლიენტებთან სურსათი მიაქვს. ამის შესახებ Associated Press-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ძაღლს კალათი კბილებით უჭირავს და ქალაქ მედელინის ერთ-ერთი მინი-მარკეტის მომხმარებლებისთვის ხილი, ბოსტნეული და სხვა პროდუქტები მიაქვს. ეროსის სერვისი განსაკუთრებით პოპულარული კორონავირუსის პანდემიის დროს გახდა

„სოციალური დისტანციის დაცვაში გვეხმარება. თანაც ხალხს მოსწონს, როცა მათთან ძაღლს ვაგზავნით“, – ამბობს მაღაზიის და ეროსის პატრონი მარია ნატივიდად ბოტერო. მისივე თქმით, ეროსი სახლში მისმა ვაჟმა მიიყვანა, 4 წლის წინ კი, როცა ოჯახმა მინი-მარკეტი გახსნა, ის თან დაჰყვებოდა ბოტეროს და მის შვილებს, როცა მათ მომხმარებლებთან შეკვეთები მიჰქონდათ.

რა თქმა უნდა, ეროსი მისამართებს ვერ ცნობს, მაგრამ იმახსოვრებს იმ კლიენტების სახელებს, რომლებიც სასუსნავით უმასპინძლდებიან. ოჯახმა გარკვეული დრო ძაღლის გაწვრთნაზე დახარჯა, რის შედეგადაც ეროსმა შეკვეთების მიტანა დამოუკიდებლად დაიწყო.

„ჩვენი 5-6 კლიენტის სახელი იცის. სურსათს და ქვითარს კალათში ვდებ, მომხმარებლები კი თანხას საბანკო ტრანსფერის მეშვეობით იხდიან. თუმცა უნდა გაითვალისწინოთ, რომ ეროსი ნამდვილი ღორმუცელაა და კლიენტის სახლიდან სასუსნავის გარეშე არ წავა“, – განმარტავს ბოტერო.

წყარო: imedinews.ge

133

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Copy link
Powered by Social Snap