მხატვარ-დიზაინერი ნატა ჩაჩუა მისი საქმიანობის და წარმატების შესახებ

ჩვენს ირგვლივ   უამრავი ძლიერი ქალია,თავიანთი საინტერესო ცხოვრებით და საქმიანობით.ერთ-ერთი მათგანი არის ქალბატონი ნატა ჩაჩუა. მხატვარი-დიზაინერი,რომელსაც  აქვს საკუთარი დიზაინ სტუდია უკვე 21 წელია.

EDITORI.GE დაუკავშირდა ქალბატონ ნატას , რადგან თქვენც გაგიზიაროთ, მისი საქმიანობის და წარმატების შესახებ ინფორმაცია.

იხილეთ ინტერვიუ:

1.მოგესალმებით ქალბატონო ნატა გთხოვთ გაეცნოთ ჩვენს მკითხველს

 მოგესალმებით, პროფესიით გახლავართ მხატვარი- დიზაინერი.  ვარ სამი პერსონალური გამოფენის ავტორი. სხვადასხვა დროს აქტიურად ვიღებდი მონაწილეობას ქართველი მხატვრების კოლექტიურ გამოფენებში. რამდენიმე წლის წინ  მქონდა ასევე, ჩემს მიერ შექმნილი ტანსაცმლის კოლექციის ჩვენება.  ეს იყო ძალიან პოზიტიური და საინტერესო პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. ამჟამად მაქვს ჩემი დიზაინ-სტუდია. ჩემს  პატარა დიზაინერულ ჯგუფთან  ერთად ვახორციელებ სხვადასხვა წვეულებებისა და ქორწილების დეკორირებას…

2.რამდენი ხანია რაც დაკავებული ხართ ქორწილების ორგანიზატორობით?  მოგვიყევით თქვენი კომპანიის შესახებ

 Design studio natali  შევქმენი 21 წლის წინ.  ეს იყო ჩემთვის ახალი გამოწვევა, რადგან  საშუალება მეძლეოდა ერთბაშად დიდ სივრცეებს შევხებოდი შემოქმედებითად…. შედეგი დგებოდა ძალიან მალე, ეს იყო ჩემთვის საოცრება:  ვიდექი ხოლმე  დეკორაციის წინ და გონებაში ვხატავდი ახალ, მომავალ დეკორაციებს!  ეს იყო საქმე, რომელსაც  მოჰქონდა  დადებითი აურა, დამკვეთებთან ურთიერთობა კი ერთი დიდი სიამოვნება იყო….შეყვარებული წყვილები…ბედნიერი დედა-შვილები, „ახლადგამომცხვარი“ რძალ-დედამთილები…. აი, ესენი იყვნენ ჩემი დამკვეთები და მე ძალიან მსიამოვნებდა მათთან ერთად ქორწილის დეკორაციების ესკიზების  ხატვა…  თან ეს იყო საზოგადოებითვის შეთავაზებული  სრულიად ახალი სერვისი, რომელიც ფაქტიურად მე წამოვიწყე მთელს თბილისში და ძალიან ვამაყობ ამით.  

3.როგორ მუშაობთ? რას სთავაზობთ მომხმარებელს ?   თუ გაქვთ თქვენი ინდივიდუალური მიდგომა

მაქვს ჩვენს მიერ შექმნილი დეკორაციების ძალიან მდიდარი არქივი… თავდაპირველად ვათვალიერებ დამკვეთებთან ერთად ამ არქივს,  ვისმენ მათ შეფასებას… ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია საპატარძლოს ემოცია ჩვენი, უკვე შესრულებული ნამუშევრების თვალიერებისას… როგორც ექიმი იღებს ანამნეზს პაციენტისგან, ასევე ვისმენ მათ გულწრფელ შეფასებას ჩვენს დეკორაციებზე და მერე უკვე მომენტალურად ვხატავ მათთვის მისაღებ ვერსიას მოცემულ დროსა და გარემოში…

4.ყოფილა ისეთი შემთხვევა როცა გაუკვირვებიხართ მომხმარებელს თავისი მოთხოვნით?  

მომავალი პატარძლები ძალიან განსხვავებულები არიან თავისი  ესთეტიკით და ამიტომ მეც უკვე ჩამომიყალიბდა  პროფესიული ალღო, ძალიან ადვილად ვხვდები, ვის რა შევთავაზო…მათი მხრიდან მოთხოვნა ძირითადად  არის-  ბევრი სილამაზე, ხან პომპეზურობით გამორჩეული დეკორაციით, ხანაც  ძალიან მოკრძალებული და სადა ელემენტებით. ჩემი  მიზანია, პატარძლის ოცნებები გავაცოცხლო, მივცე მათ სწორი მიმართულება, სწორად შევთავაზო სტილი…ძალიან ბევრს ვსაუბრობ საპატარძლოსთან, რადგან ვიცი, რომ იგეგმება მისი ოცნების დღე და უფლება არ მაქვს, რაიმე შეცდომით გავაკეთო მისთვის…

       უცნაური შეკვეთა, რომელიც დამამახსოვრდა, იყო ტელეოპერატორების ერთ-ერთი დაჯილდოების ცერემონია, რომელიც უნდა  გამელამაზებინა… დამკვეთი იყო  ცნობილი ტელეწამყვანი…..უცნაურობა კი გამოიხატებოდა იმაში, რომ  ფაქტიურად ყველა შეთავაზებულ ელემენტზე ამბობდა უარს, არ არის საჭიროო… ბოლოს ღიმილით დავუსვი შეკითხვა: “თუ საერთოდ ყველაფერი  გეზედმეტებათ, მაშინ რაღა საჭიროა ღონისძიების დეკორატორი? აი, ბატონო– სააქტო დარბაზი, აი, სცენა, აი სკამები პარტერში…მე რა საჭირო ვარ?“  ბოლოს ყველაფერი კეთილად დასრულდა მაინც,  გაფორმდა სცენა ყვავილებით და  ფოიეშიც დავდგით ერთი დიდი დეკორატიული ვაზა ყვავილების პომპეზური კომპოზიციით…ყველა  კმაყოფილი იყო…

5.მხოლოდ ქორწილებს გეგმავთ თუ სხვა დღესასწაულებსაც?

ვგეგმავ ყველა ლამაზ დღესასწაულს:  დაბადების დღიდან დაწყებული- ფესტივალით დამთავრებული… რა თქმა უნდა ქორწილების  გაფორმება ამ  ჩამონათვალში მეტად პრიორიტეტული და მოთხოვნადია…

6.ამ ეტაპზე როგორც ცნობილია ქორწილები აკრძალულია,რითი ხართ დაკავებული ახლა?

  ახლა ვმუშაობ ერთერთი რესტორნის რებრენდინგზე,  უკვე  შეთანხმებულია შენობის დიზაინის ყველა დეტალი… ჩვენი სტუდია და სახელოსნო იქ გადაგვაქვს… გვაქვს მწვანე სივრცეები, სადაც მოხდება ჩვენი  შემოქმედებითი პროექტების მაქსიმალური რეალიზება. მე და რესტორნის მფლობელები  ველოდებით  ამ პანდემიური სიტუაციის განმუხტვას,  რომ ერთობლივი ძალებით დავიწყოთ სამუშაოები…პანდემიას რომ არ შეეშალა ხელი ჩვენთვის  ეს გაზაფხული და ზაფხული უკვე დატვირთული გვექნებოდა ღონისძიებებით, მაგრამ როგორც  ყველა, ისე ჩვენც შევფერხდით…ოპტიმისტურად ვარ განწყობილი: ალბათ მალე დამთავრდება  ეს „უძრაობის“ პერიოდი და ახალი  ენერგიით შევუდგებით საქმეს!

550

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Copy link
Powered by Social Snap