ნინი გამილაღდიშვილი-წარმატებული ქალი, რომელმაც თავისი ჰობი ახალ პროფესიად აქცია

EDITORI.GE დაუკავშირდა ნინი გამილაღდიშვილს , რომელიც ქართველი ემიგრანტია. ნინი ესპანეთში, ქალაქ მადრიდში ცხოვრობს.

პროფესიით ჟურნალისტმა, მარკეტოლოგმა და გეო-ბიოლოგმა  სამსახურის პარალელურად გადაწყვიტა თავისი  ჰობი, კიდევ ერთ დამატებით საქმიანობად ექცია და ხელნაკეთი ნივთების შექმნა დაიწყო.

თუმცა, სწორედ ამ საქმეში იპოვა საკუთარი თავი, როგორც თვითონ აღნიშნავს და მისი სამომავლო გეგმებიც, ამჟამად სწორედ ამ საქმიანობას უკავშირდება.

გადმოსცე შენი შეხედულებები და შინაგანი სამყარო ხელოვნების საშუალებით, სულაც არ არის მარტივი, ეს ის ზებუნებრივი ნიჭია, რომელიც ან გაქვს ან არა.  მიუხედავად თავმდაბლობისა ფაქტია, რომ ნინიში ეს ნიჭი დიდი დოზით არის თავმოყრილი.

მიუხედავად იმისა, რომ მისი მთავარი ხაზი სახლის ინტერიერის თუ ექსტერიერის დეკორირებაა, მას არ აქვს ჩარჩოები და ერთი კონკრეტული მიმაღთულება,მისი ნამუშევრები არის მრავალფეროვანი, დახვეწილი, ფერადი და ძალიან საინტერესო.

 

ნინი მოგესალმებით , პირველ რიგში მადლობა რომ დრო დაგვითმეთ,გაგვეცანით მოგვიყევით თქვენს შესახებ

დიდი მადლობა დაინტერესებისთვის. მე გახლავართ ნინი გამილაღდიშვილი 49 წლის. დავიბადე ქალაქ თბილისში. საკმაოდ ლაღი და ბედნიერი ბავშვობიდან მოვდივარ. მაქვს რამოდენიმე პროფესია. თბილისში დავამთავრე ჟურნალისტიკისა და გეო-ბიოლოგიის ფაკულტეტები, მადრიდში ჩამოსვლის შემდეგ კი შევისწავლე მარკეტინგი. თბილისში  ვმუშაობდი ტელევიზიაში, როგორც პროგრამების წამყვანი. ასევე მქონდა საკუთარი გადაცემა ,ხშირად მიღებდნენ მუსიკალურ ვიდეორგოლებში.თუმცა ამ საქმეს მალევე ჩამოვშორდი. ახლა ემიგრანტი ვარ , ვცხოვრობ მადრიდში, მყავს 2 შვილი და ერთი შვილიშვილი.

რამდენი ხანია რაც ესპანეთში ცხოვრობთ?

2005 წელს ჩამოვედი ესპანეთში. 6 წელი ვცხოვრობდი ულამაზეს კურორტ მარბეიაში(ანდალუსიაში),ბოლო 9 წელი მადრიდში ვცხოვრობ.

გაგიჭირდათ ემიგრაცია თუ ეს მიიღეთ როგორც ერთგვარი შანსი და გამოწვევა?

ბანალურად გიპასუხებთ. მეც როგორც ყველა ემიგრანტს , ძალიან გამიჭირდა ახალ გარემოსთან ადაპტაცია. ჩამოვედი სრულიად მარტო, უცხო გარემოში, სადაც არავინ მელოდა. მაგრამ ემიგრაციაში ყოფნამ ერთი კარგი თვისება შემძინა. გავხდი დამოუკიდებელი, უფრო მეტად გავძლიერდი, საკუთარი თავის იმედი გამიჩნდა და ცხოვრებისეულ ფასეულობებს ახალი კუთხით შევხედე, შეიძლება ითქვას რომ მე ისინი გადავფასე და საკუთარ თავში სრულიად ახალი მე აღმოვაჩინე. ძალიან ბევრი დაბრკოლება შემხვდა ემიგრაციის გზაზე, იყო ურთულესი პერიოდი , რომლის გადალახვაც ძალიან მიჭირდა მარტოს. პირველ რიგში იყო უდიდესი მონატრება საკუთარი ოჯახის, შვილების, თუმცა ამის შესამსუბუქლებლად აქ არანაირი ნათელი წერტილი არ ყოფილა და ვერც იქნებოდა. ახლა როდესაც უკან ვიყურები , ვხვდები რომ სწორედ ეს რთული პერიოდი იყო საწყისი , ჩემი სამომავლო წინსვლის. შეიძლება ითქვას რომ ამ ყველაფერმა მომცა ძალა რომ ფეხზე დავმდგარიყავი და შემეცვალა ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ.

ამჟამად რას საქმიანობთ?

მადრიდი ის ქალაქია რომელიც შენი განწყობის შესაბამისად გპასუხობს. მადრიდი ხმაურის სიმშვიდის, სიჭრელის , სისადავის, სიძვირისა და სიიაფის ქალაქია, ოღონდ სწორად დაბალანსებული. შენს თავს აქ აუცილებლად იპოვნი, მთავარია ის შესაძლებლობები დაინახო რასაც მადრიდი გთავაზობს. სწორედ ასე გავატარე ეს 9  წელი ამ გასაოცარ ქალაქში. დიდხანს ვეძებდი საკუთარ თავს, არაერთ საქმეს მოვკიდე ხელი, ბევრი წარმატებით განხორციელდა, ბევრიც მარცხით დასრულდა , თუმცა ახლა ერთ-ერთ სადაზღვევო კომპანიაში მარკეტინგის დეპარტამენტს ვხელმძღვანელობ. საკუთარი თავი ნამდვილად ვიპოვნე , მაგრამ არა ამ საქმეში. გადავწყვიტე საკუთარი ჰობი პროფესიად მექცია და ხელნაკეთ ნივთების შექმნა დავიწყე. აი სწორედ აქ ვიპოვე საკუთარი თავი, საქმეში რომელიც ყველაზე მეტად მსიამოვნებს და მხიბლავს.

 

ძალიან ლამაზ ხელნაკეთ ნივთებს ქმნით,როდის დაიწყეთ ამ კუთხით მუშაობა?

პირველ რიგში დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის. ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს თუ როგორ აღიქვამენ ჩემს ნამუშევარს ადამიანები. სწორედ ეს შეეფასებები ხდება ჩემი სამომავლო შემოქმედების სტიმული. ეს ყველაფერი არ დაწეყებულა ბავშვობიდან, არც ასეთი ბანალური ვარ. დაიწყო მაშინ როდესაც 20 წლის ვიყავი . ზაფხულის ცხელ დღეებში ოჯახთან ერთად ქალაქ გარეთ, საზაფხულო სახლში მივემგზავრებოდით. სწორედ ამ დროს ბებიის სკივრის გახსნის დროც დგებოდა. დედაჩემი ძალიან კარგად კერავდა, მე კი კარგად მეხერხებოდა ჟურნალი „ბურდიდან“ თარგების ამოღება. ასე ვქმნიდით სამოსს, ჩემი დიზაინით , ბურდას თარგითა და დედას ტექნიკით. ეს მხარე დედისგან მერგო. ახლა მოგიყვებით თუ რა მერგო მამისგან. მას ასეთი ტრადიცია ქონდა. ბაზრიდან დაბრუნებულს, ჩემთვის ყოველთვის ყვავილების თაიგულს მოჰქონდა. ზაფხულის ცხელ დღეებზე გიყვებოდით და სწორედ ამ დროს როდესაც დედა სადილისთვის მაგიდას ამზადებდა, მამა ყვავილების კომპოზიციას კრავდა. შეეძლო გოგრის,ბროწეულის,ვარდის და მზესუმზირის ყვავილებით, ისეთი დეკორაცია შეექმნა, უცხო თვალს გააოგნებდა.შინაგანად ესთეტი იყო და ფერების საოცარი ხედვა ქონდა. სილამაზის ასეთი აღქმა და გემოვნება, სწორედ მამისგან მხვდა წილად. ჩემი ამჟამინდელი შემოქმედების მთავარი ხაზი, სწორედ ეს შეგრძნებებია რაც ოჯახისგან მერგო. ამ ყველაფერს როგორ გადმოვცემ, ეს უკვე სხვა საკითხია.

კონკრეტული მიმართულებით არ მუშაობთ როგორც ვიცი,საკმაოდ ვრცელია თქვენი შემოქმედებითი სფერო ესე რომ ვთქვათ…

ჩემ ხელნაკეთ ნამუშევრებს კონკრეტული მიმართულება არასდროს ქონია. შესაძლოა ერთ დღეს თაბაშირის სასანთლეები და საყვავილეები შევქმნა, მეორე დღეს კი ყვავილების კომპოზიცია კედელის დეკორაციისთვის. ჩარჩოში არასდროს ვექცევი. ვფიქრობ რომ თავისუფლება შემოქმედებაში მთავარია. მაგრამ მთავარი ხაზი სახლის ინტერიერის თუ ექსტერიერის დეკორირებაა.

 

რა მასალით მუშაობთ ძირითადად?

მასალა დამოკიდებულია იმაზე თუ რისი შექმნა მაქვს გადაწყვეტილი. ახლა დავამთავრე  გირჩებისა და ბუნებრივი მასალებისგან შექმნილი ნამუშევრების სერია. ყველა მათგანი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება.ეს კოლექცია,ვფიქრობ არაჩვეულებრივი იქნება ბუხრის კედლის სივრცეებისთვის,ხის ან ქვით დეკორირებული სახლებისთვის (დაჩებისთვის ან სასტუმროებისთვის). ერთადერთი რაც ჩემს ნამუშევრებს ყოველთვის თანსდევს, ეს თაბაშირია.რადგან ძალიან მოსწონთ,ვიღებ ინდივიდუალურ შეკვეთებსაც.

რა არის თქვენი შთაგონება?

განწყობას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. იმისათვის რომ რაღაც შევქმნა, შინაგანი სიმშვიდე და კომფორტული გარემო მჭირდება. ამ ყველაფერს თან ახლავს ფიქრი ოჯახის წევრებზე. თუ  ყველაფერი კარგადაა , მაშინ იდეალური განწყობა მაქვს ნამუშევრების შესაქმნელად. შთაგონებას ყოველთვის საკუთარ შვილებში ვეძებ. „ნითასა“ – ალბათ იცით რომ, ჩემი ნამუშევრების ონლაინ მაღაზიას სწორედ ასე ქვია. ეს დასახელებაც ჩემი შვილების სახელების ინიციალებისგან შედგება. ასე რომ ეს ორი ადამიანი არის ჩემი ინსპირაციაც, მუზაც , პირველი შემფასებლებიც და ცხოვრების არსიც.

 

უმეტეს შემთხვევაში ხელოვანი ადამიანი განახვავებულად აღიქვამს სამყაროს,თქვენს შემთხვევაშიც ასეა?

ვფიქრობ რომ სამყაროს იუმორი გადაარჩენს. ამიტომ მგონია რომ პოზიტიური და დადებითი ემოციით სამყაროს შეცვლაც კი არის შესაძლებელი.თუ სამყაროსი ვერ,შენს დამოკიდებულებას მაინც შეცვლი მის მიმართ. ასე ვუყურებ ცხორებას , მხიარულად და ამავე დროს მკვეთრ ფერებში.

 

რა მიზნები და გეგმები გაქვთ ამ კუთხით?

ყველა ჩემი მიზანი და გეგმა ჩემს შვილებს უკავშირდება, თუმცა შემოქმედებითად ვგეგმავ რომ საკუთარი სახელოსნო-გალერეა გავხსნა. გეგმები დიდი მაქვს. მინდა რომ ამ სახელოვნებო სივრცემ პოპულარიზაცია სხვა ნიჭიერ ქართველ ხელოვანებსაც გაუწიოს.

 

 

1, 059

One thought on “ნინი გამილაღდიშვილი-წარმატებული ქალი, რომელმაც თავისი ჰობი ახალ პროფესიად აქცია

  • ოქტომბერი 15, 2020 at 5:30 pm
    Permalink

    წარმატებები 👏🏻

    პასუხი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Copy link
Powered by Social Snap