სიძულვილის ენის თანამედროვე გაგება- იურისტი კახაბერ კერვალიშვილი

21 -ე საუკუნის ერთ-ერთი აქტუალურ პრობლემა დღესდღეობით სიძულვილის ენაა, რომლის ერთგავარი შეთანხმებული დეფინიციაც არ არსებობს, ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის გამოხატვის ისეთი ფორმა, რომელიც უარყოფით ზემოქმედებას ახდენს პირებზე ან პირთა ჯგუფებზე, აკნინებს მათ და საზოგადოებას ნეგატიურად განაწყობს მათ მიმართ. ევროპის საბჭომ 1997 წლის რეკომდაციით სიძულვილის ენა აღიარა, როგორც პრობლემა და შემდეგნაირად განმარტა: ,,სიძულვილის ენა მოიაზრებს გამოხატვის ყველა ფორმას, რომელიც ავრცელებს, აქეზებს, ხელს უწყობს ან ამართლებს, რასობრივ შუღლს, ქსენოფობიას,ანტისემიტიზმს, დისკრიმინაციისა და უმცირესობათა ან მიგრანტთა მიმართ გამოხატული მტრობის ჩათვლით.

სიძულვილის ენა შესაძლებელია გამოვლინდეს პირადი საუბრების დროს, საჯაროთ გამოსვლის დროს იქნება ის ჟურნალისტი, რესპოდენტი თუ ნებისმიერი სხვა, თუ ის საუბრობს სიძულვილის ენის ნიშნებით და აკეთებს დისკრიმინაციულ განცხადებებს, რომელიც მომართულია აგრესიისა და ძალადობისკენ. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სიძულვილის ენა მჭიდროდაა დაკავშირებული გამოხატვის თავისუფლებასთან, რომელიც დემოკრატიული სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილია,  აქედან გამომდინარე ამ საკითხზე საუბრის დროს გვერდს ვერ ავუვლით გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც აღიარებულია ყველა საერთაშორისო დოკუმენტით, მაგალითად საყოველთაო დეკლარაცია ადგენს რომ: ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება მრწამსის თავისუფლებისა და მისი თავისუფლად გამოთქმისა, ეს უფლება მოიცავს ადამიანის თავისუფლებას დაუპრკოლებლად იქონიოს თავისი მრწამსი და ეძიოს, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და იდეები ყოველგავარი საშუალებებით და სახელმწიფოს საზღვრებისგან დამოუკიდებლად.

სწორედ ამიტომ როდესაც ვსაუბრობთ სიძულვილის ენაზე და მის რეგულაციაზე, აუცილებელია ძალიან ფრთხილად მივუდგეთ ამ საკითს, რათა უხეშად არ დავარღვიოთ ადამიანის გამოხატვის  თავისუფლება . თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ისეთი სახის ქმედება ან განცხადება, რომელიც შეიცავს სიძულვილის ენის ნიშნებს და მიმართულია უმცირესობების წინააღმდეგ აგრესიისა და შუღლის გაღვივებისკენ, სახელმწიფოს მხრიდან რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს, სწორედ ამიტომ, ზოგიერთმა სახელმწიფომ მიიღო რეგულაციები, რომელიც გარკვეულწილად ზღუდავს სიძულვილის ენის შემცველ ქმედებებს და განცხადებებს, ასევე ევროპის ბევრ ქვეყანაში სიძულვილის ენა კრიმინალიზებული გახდა. ხოლო რაც შეეხება ამერიკას, აქ სიძულვილის ენა კრიმინალიზებული არაა, შესაბამისად უმთავრესი მნიშვნელობა აქ გამოხატვის თავისუფლებას ენიჭება.  რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას ჩვენთან სიძულვილის ენა კრიმინალიზებული არაა, თუმცა გაგვაჩნია სამართლებრივი დოკუმენტები, რომლითაც რეგულირდება სხვადასხვა გამოვლინება. სიძულვილის ენის რეგულირება საქართველოში ხდება გამოხატვის თავისუფლების კანონით, მაუწყებელთა ქცევის კოდექსით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსით, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიით, კანონითდისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ და ყველა სხვა საერთაშორისო დოკუმენტებით, რომელზედაც საქართველოს ხელი აქვს მოწერილი.

თანამედროვე გაგებით, სიძულვილის ენა ეს არის თავდასხმა ადამიანებზე, რომლებსაც გააჩნიათ განსხვავებული იდენტობა განსხვავებულ იდენტობაში შეიძლება მოიაზრებოდეს ეთნიკური, რელიგიური, სექსუალური და შეზღუდული შესაძლებლობების მიხედვით, თუმცა საზომი და კრიტერიუმი მაინც ერთია, ამ კრიტერიუმის თანახმად თავდასხმის ობიექტი ყოველთვის არიან მოწყვლადი ჯგუფები, ანუ დაუცველი ადამიანები გაბატონებული აზრის ან ჯგუფებისაგან.

21-ე საუკუნეში სიძულვილის ენა ადამიანებს სხვადასხვაგვარად ესმით საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ სიძულვილის ენით მოსაუბრე ადამიანები უნდა დაისაჯონ, ხოლო ნაწილის უფრო ჰუმანური მიდგომა აქვთ და გვეუბნებიან, რომ უნდა გვქონდეს ლიბერალური მიდგომა და სიძულვილის ენა უნდა შევიწყნაროთ, მანამ სანამ ვერბალური თავდასხმა არ გადავა ფიზიკურ თავდასხმაში ან აშკარა არ იქნება ფიზიკური თავდასხმის საფრთხე.

ბოლო წლებია ქართულ მედიაში მუდმივად არსებობს სიძულვილის ენის ტირაჟირების პრობლემა, რომელიც დღემდე გადაუჭრელია და სწრაფ და ეფექტურ რეაგირებას საჭიროპებს. როგორც უკვე ავღნიშნეთ, ტექნოლოგიების განვითარებამ ამ მხრივ კიდევ უფრო დიდი პრობლემები გამოიწვია, ამიტომ კარგი იქნება თუ საზოგადოება ინფორმირებული იქნება თუ რას ნიშნავს სიძულვილის ენა და რა სავალალო შედეგებამდე შეუძლია მიგვიყვანოს სიძულვილის ენით გამოწვეულმა ხარვეზებმა. ბოლო პერიოდში გამოიკვეთა, რომ მედიის მიერ ყველაზე ხშირად ხდება პოლოტიკიური სიძულვილის ენის გამოყენება, პოლიტიკოსები გულგრილად ეკიდებიან ამ ფაქტს და გარკვეული სახის სიძულვილის შემცველ იმგვარ განცხადებებს ავრცელებენ, როგოროიცაა ჰომოფობიური, თურქოფობიური, რასისტული და სხვა სახის განცხადებები.

მედიის განვითარების ფონდის 2016 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ ძალიან გახშირებულია ეთნიკური სიძულვილის ენის გამოყენებაც, სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების მისამართით, პირდაპირ ეთერში, გაზეთში, ვებ-გვერდზე და სოციალურ ქსელებში, განცხადებების გაკეთების ან გამოქვეყნების დროს პოლიტიკოსები ხშირად არ უკვირდებიან რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს მათ მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებას. მედიაში სიძულვილის ენის რეგულირება უნდა ხდებოდეს თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანმა უნდა გაიაზროს თავისი ქმედებით და გამოხატვით რამდენად შეიძლება დაზარალდეს სხვა ადამიანი და გამოიწვევს თუ არა მის მიერ გაკეთებული განცხადება სხვა ადამიანის უფლებების შეზღუდვას. მედია უნდა ცდილობდეს, როგორმე თავიდან აირიდოს მსგავსი შინაარსის შემცველი განცხადებები, ის უნდა მუშაობდეს კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობით და ტოლერანტობის პრინციპის დაცვით. მხოლოდ კანონის გამკაცრება არაფერს მოგვცევს, უნდა მოხდეს საზოგადოების ცოდნის დონის ამაღლება, ინფორმირება იმისა თუ რას ნიშნავს სიძულვილის ენა.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საქართველოში ისევე, როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, სიძულვილის ენა დასჯადი არ არის, ამ მიმართულებით საქართველო ჰუმანური ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ სიძულვილის ენის ტირაჟირებისას სიხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დგება, თუმცა 2014 წლიდან სისხლის სამართალში გაჩნდა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ცნება, რაც დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევა . ხოლო რაც შეეხება მედიის როლს, მედია ამ სფეროში მაუწყების შესახებ კანონითა და ქცევის კოდექსით რეგულირდება, აქედან გამომდინარე ტელევიზიებს ეკრძალებათ ისეთი სიუჟეტების მომზადება და გავრცელება, რომელიც დისკრიმინაციის ნიშენბს შეიცავს და შუღლის გაღვივებას უწყობს ხელს.

ავტ: იურისტი კახაბერ კერვალიშვილი.

421

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Copy link
Powered by Social Snap