უარესი ჯერ კიდევ წინ არის-ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოსახლეობას კიდევ ერთხელ აფრთხილებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის თქმით, პანდემიის დასრულებამდე ჯერ ძალიან შორია და უარესი ჯერ კიდევ წინ არის. ეს განცხადება ტედროს ადანომ გებრეისუსმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

მისი თქმით, თუ მთავრობები სწორ პოლიტიკას არ აამოქმედებენ, მაშინ ვირუსით კიდევ უფრო მეტი ადამიანი დაინფიცირდება.

მისივე თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გზავნილი იგივეა – „ჩაატარეთ ტესტირება, იპოვეთ ინფიცირებულები და მათი კონტაქტები, მოახდინეთ იზოლაცია და გადაიყვანეთ კარანტინში“.

„ჩვენ ყველას გვსურს, რომ ეს დასრულდეს. ჩვენ ყველას გვინდა, ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდეთ. მაგრამ მძიმე რეალობა ისაა, რომ დასრულებამდე ჯერ კიდევ ძალიან შორია. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ქვეყენაში პროგრესი არის, გლობალურად პანდემია მაინც ძალას იკრებს“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა.

მან მოუწოდა მთავრობებს, მიბაძონ გერმანიის, სამხრეთ კორეისა და იაპონიის მაგალითებს, რომელთაც ეპიდემიის გაკონტროლება შეძლეს.

შეგახსენებთ, რომ პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში ვირუსი 10 მილიონ ადამიანზე მეტს დაუდგინეს. „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 500 000 პაციენტი. შემთხვევების ნახევარი გამოვლინდა აშშ-სა და ევროპაში.

ამჟამად პანდემიის ეპიცენტრი სამხრეთ ამერიკაა. ვირუსის შემთხვევები ასევე მატულობს სამხრეთ აზიასა და აფრიკაში, სადაც დაავადების პიკი ივლისის ბოლომდე მოსალოდნელი არ არის.

69

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Copy link
Powered by Social Snap