ულტრაიისფერი განათება,რომელიც ჰაერში კორონავირუსის 99.9%-ს კლავს

კოლუმბიის უნივერსიტეტში დასრულდა კვლევა, რომელიც ჰაერში კორონავირუსებზე Far ტიპის ულტრაიისფერი-C (Far-UVC) სინათლის სხივების ზემოქმედებას სწავლობდა. ამ ტიპის სხივებს 10 წელზე მეტია, დასავლეთის ბევრი ქვეყნის სამედიცინო დაწესებულებებში, საავადმყოფოს პალატების და სამედიცინო აღჭურვილობის სტერილიზაციისთვის იყენებენ.

მკვლევარები აცხადებენ, რომ Far-UVC-ის კონკრეტული სიგრძის სხივები ჰაერში კორონავირუსისის 99.9 პროცენტს კლავს. ამასთან, საუბარია ისეთ გამოსხივებაზე, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათო არ არის. ასეთია კოლუმბიის უნივერსიტეტის ირვინგის სამედიცინო ცენტრის მეცნიერთა ჯგუფის დასკვნა.

„ჩვენს შედეგებზე დაყრდნობით, არსებული რეგულაციების ლიმიტების დაცვით, ჰაერის ხანგრძლივ დეზინფექციას Far-UVC სინათლით, შეუძლია დიდი რაოდენობით შეამციროს ვირუსი ჰაერში, ისეთ დახურულ სივრცეში, სადაც ადამიანები იმყოფებიან“ – ამბობს კვლევის წამყვანი ავტორი დევიდ ბრენერი. ის კოლუმბიის უნივერსიტეტში რადიაციული ბიოფიზიკის პროფესორი და რადიოლოგიური კვლევების ცენტრის დირექტორია.

ამ ტიპის სინათლეს გაცილებით მოკლე სხივები აქვს, ვიდრე სხვა ულტრაიისფერ გამოსხივებას. სწორედ ამიტომ არის ის ნაკლებად სახიფათო ადამიანისთვის, თორემ ზოგადად, ულტრაიისფერი გამოსხივება ადამიანისთვის რისკების შემცველია. მათ შეუძლიათ გაზარდონ კანის სიმსივნის რისკი, დაასუსტონ ადამიანის იმუნური სისტემა, დააზიანონ ჩვენი კანი და თვალები.

სწორედ ამიტომ, კოლუმბიის უნივერსიტეტში ჩატარებული ექსპერიმენტისთვის შეირჩა Far-UVC, რომლის პროტონებს ადამიანის კანში შეღწევის უნარი გაცილებით შეზღუდული აქვთ. მეორეს მხრივ, მათ შეუძლიათ გაცილებით იოლად მოკლან ისეთი ბაქტერიები და ვირუსები, რომელთა სისქე 1μm-ს არ აღემატება.

მეცნიერებმა შეარჩიეს აღნიშნული სინათლის ტალღის არა 254nm სიგრძე, რომელიც ცარიელი საავადმყოფოების, ან მეტროს ვაგონების დეზინფექციისთვის გამოიყენება, არამედ კიდევ უფრო მოკლე სიგრძის ტალღა – 222nm, რაც ადამიანის ჯანმრთელობას რისკს არ უქმნის. ამ ზომის Far-UVC სინათლე ვერც ცრემლის საფარში აღწევს და ადამიანის ორგანიზმის ცოცხალ უჯრედებსაც ვერ აზიანებს.

უნივერსიტეტში ფიქრობენ, რომ ასეთი განათების დაყენება თავისუფლად შეიძლება მაგალითად, ოთახის ჭერში. ის ეფექტურად მოკლავს კორონავირუსებს ისე, რომ იქ მყოფ ადამიანებს რისკებს არ შეუქმნის. ამგვარი განათება კორონავირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემას მნიშვნელოვნად შეამცირებდა, ისევე როგორც სხვა გრიპის ვირუსების გავრცელებას.

ექსპერიმენტისთვის, მეცნიერებმა აეროზოლის ტიპის დანადგარით, Far-UVC (222nm) ლამპის წინ, ოთახში კორონავირუსის ორი სახე გააფრქვიეს. შემდეგ შეამოწმეს, თუ რა დროში, ვირუსის რა რაოდენობა მოკვდებოდა. მათი ნაშრომის მიხედვით, სინათლემ 8 წუთში ჰაერში ვირუსის დაახლოებით 90% მოკლა, 11 წუთში – 95%, 16 წუთში – 99% და 25 წუთში – 99.9%.

ჯერ კიდევ მიმდინარეობს ექსპერიმენტი, რომელიც კონკრეტულად ახალ კორონავირუსს, სარს-კოვ-2-ს სწავლობს. ვირუსს, რომელმაც პანდემია კოვიდ-19 გამოიწვია. პირველადი მონაცემები უკვე ადასტურებს, რომ Far-UVC (222nm) სინათლე მასზეც ისეთივე წარმატებით მოქმედებს, როგორც სხვა კორონავირუსებზე.

„Far-UVC სინათლე სინამდვილეში კორონავირუსის სახეობებს ერთმანეთისგან ვერ არჩევს, ასე რომ ჩვენ მოველით, რომ ის სარს-კოვ-2-საც ისევე მოკლავს“ – ამბობს პროფესორი ბრენერი. მისი თქმით, „ვინაიდან სარს-კოვ-2 უმეტესად აირწვეთოვანი გზით ვრცელდება, ჰაერში დახველების და დაცემინების შედეგად, მნიშვნელოვანია გაგვაჩნდეს საშუალება, რომელიც ჰაერში ვირუსის აქტივობას გაანეიტრალებს, კერძოდ იქ, სადაც ხალხი იმყოფება“.

კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი ფიქრობს, რომ ამ ტიპის განათების დაყენება უსაფრთხო იქნება საავადმყოფოებში, ავტობუსებში, თვითმფრინავებში, მატარებლებში, მეტროს, თუ მატარებლის სადგურებზე. ასევე – ოფისებში, უნივერსიტეტებში, სკოლებში, რესტორნებში, მაღაზიებში, კინოთეატრებში, თუ სპორტულ დარბაზებში. „ნებისმიერ ადგილას, სადაც ხალხი დახურულ სივრცეში იკრიბება, Far-UVC სინათლე სხვა ზომებთან კომბინაციაში, როგორიცაა ნიღბები, ხელის დაბანა, სარს-კოვ-2-ის და სხვა ვირუსების გავრცელებას შეზღუდავდა“ – აღნიშნავს პროფესორი ბრენერი.

წყარო : ამერიკის ხმა

85

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Copy link
Powered by Social Snap