ანტიკური ქალაქი ვანი-ახალი ლოკაცია საქართველოს ტურისტულ რუკაზე

ვანი, როგორც ახალი ლოკაცია საქართველოს ახალ ტურისტულ რუკაზე…

 ვანი:
ქალაქი იმერეთში, მანძილი ქუთაისიდან 41 კმ, უახლოესი აეროპორტი – კოპიტნარი – 30 კმ, უახლოესი სარკინიგზო სადგული – სამტრედია 28 კმ. მთლიანი ფართობი 558 კვ.კმ . ესაზღვრება წყალტუბოს , ბაღდათს , გურიის მხარეს და საქართველოს სამხრეთ მთიანეთს. მთავარი მდინარეებია – რიონი , სულორი, ყუმური და ფერეთა. კლიმატი საშუალოდ სუპტროპიკულია და ზოგიერთ ადგილას კონტინენტალური -ალპური. რაიონის მთლიანი ტერიტორიის 78% მთიანია, დანარჩენი კი დაბლობი. იოლად მისახვედრია სამთო ტურიზმის განვითარების რა პოტენციალია ქუთაისთან ძალიან ახლოს .
სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოება : სიმინდი, ბოსტნეული , ბახჩეული, ყურძენი, ხილი, ხორცი, დაფნა, ჩაი და ა.შ.
ვანი მდიდარია თერმული და მინერალური წყლებით. არსებობს საკურორტო ზონები , რომელიც ითხოვს რეაბილიტაციას. მოსახლეობის რაოდენობა 35,824 . ბაღდათი-ვანი-სამტრედიის მთავარი დამაკავშირებელი მაგისტრალი რეაბილიტირებულია და გადააგილებისთვის სრულიად კომფორტული.

ვანის ანტიკური ხანის ნაქალაქარი და მუზეუმი :
 მიმდინარე მდგომარეობა: კარგი და გასახარი ის არის , რომ თითქმის 10 წლიანი ლოდინისა , მუზეუმის განახლების პირველი და ყველაზე მთავარი ეტაპი დასრულებულია , რომ არა კოვიდ19-ით გამოწვეული გართულებებისა 22 ან 25 მაისს ვანს უნდა ეზეიმა მუზეუმის ისტორიულ და ტურისტულ არეალში საკმაოდ ხმაურიანი დაბრუნება. თუმცა სამუშაოები იმდენად მცირეა დარჩენილი , რომ დიდხანს არ უნდა ველოდეთ ამ დღეს . ამ ეტაპზე მუზეუმის მთავარი შენობა სრულიად რეაბილიტირებულია , მუზეუმამდე მთავარი მისასმვლელი გზა სრულად ახლად გაკეთებული , იმავე არეალში ყველა მოსახლის ქუჩის განაპირა ღობე – ჭიშკარი ერთ ფერში და სტილშია გაკეთებული. მუზეუმის ეზო და პარკირების ზონა მოწყობილია , მუზეუმს დამატებით გვერდით აუშენდა და სრულიად თანამედრვე სტანდარტებით მოეწყო საკონფერენციო და ადმინისტრაციული შენობა. ღია ცისქვეშ განლაგებული მთავარი არქეოლოგიური ობიექტები გადაიხურა , მანიშნებელი და საინფორმაციო დაფებიც მოწობილია. მხოლოდ ამ ობიექტებამდე მისასვლელი შიდა ბილიკების დამუშავებაღა დარჩა უშუალოდ ნაქალაქარის ტერიტორიაზე. ვანის ანტიკური ნაქალაქარი 2007 წლის 24 ოქტომბრიდან შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.
 მუზეუმი მდებარეობს ახვლედიანების გორაზე . ეს ადგილი არის ქალაქის ცენტრში , საკმაოდ სტრატეგიული მდებარეობით. გადაჰყურებს როგორც კოლხეთის დაბლობის და კავკასიონის საკმაოდ დიდ ნაწილს , ასევე , სამხრეთის მთიანეთის მომიჯნავე მთებს საირმის მთების ჩათვლით , შორს მოსჩანს ბაღდათის სხვა , შედარებით დაბალი მთებიც , ისე როგორც თავად ვანის მაღალმთიანი სოფლები და მთათა სისტემა.
ახვლედიანების გორა : გადმოცემის მიხედვით ლეჩხუმელი თავად-აზნაური ახვლედიანები რაღაც გარუკვეველი კონფლიქტის გამო გადმოსახლებულად ლეჩხუმიდან ვანში და ადგილობრივ თავადთა გვარ ჩიჯავაძეების დახმარებით ამ გამორჩეულ ადგილას დასახლებულან , მოგვიანებით მათი აზნაურებიც გამხდარან . თავად ჩიჯავაძეთა სათავადოს საზღვარი დასავლეთით საჯავახომდე აღწევდა, აღმოსავლეთით – ქორისწყლამდე, ჩრდილოეთით მდინარე რიონამდე და სამხრეთით – ახალციხემდე. უკანასკნელისაგან საჩიჯავაძეოს ჰყოფდა საძოვარი მთები: ლამაზ მთა, საბუღრაო და სხვა. სხვათაშორის ახვლედიანთა ძველი სახლი ვანის ნაქალაქარის ადგილზე მდებარეობს და მისი რეაბილიტირებაც იგეგმება.
გარდა მუზეუმის საგამოფენო დარბაზებში არსებული სამუზეუმო ექსკურსიებისა , რომელთა საშუალო ხანგლძლივობა 1 ან 2 საათი შეიძლება იყოს ( ადგილობრივი გიდები ეყოლებათ ) , ასევე მუზეუმს აქვს ღია ცისქვეშ რამოდენიმე ჰექტარზე და ტერასაზე გადაჭიმული არქეოლოგიური ნაქალაქარი, სადაც ცალკე ექსკურსიები ტარდება. ასე რომ , აქ მოსული სტუმრისთვის მინიმუმ 3-4 საათი შემოინახეთ ტურისთვის. ნაქალაქარის ტერიტორიაზე სამი ტერასული განლაგებაა , ზედა ტერასაზე ძირითადად სამარხებია აღმოჩენილი , შუა და ქვედა ტერასაზე გვხვდება ტაძრები, კარიბჭე, სამსხვერპლო, მარანი-ტაძარი და ა.შ. ასევე მუზეუმი პერიოდულად უმასპინძლებს საერთაშორისო კონფერენციებს , სხვა მუზეუმთა გამოფენებს , სიმპოზიუმებს და საგანმანათლებლო შეხვედრებს. მოაზრება სხვადასხვა დამატებითი აქტივობების განხორციელებაც.
 მუზეუმის ექსპონანტები: სამოქალაქო პერიოდში მუზეუმიდან განრიდებულმა ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს და სპილენძის უძვირფასესმა ექსპონანტებმა უსაფრთხოების მიზნით , ბინა დაიდეს და საგულდაგულოდ იქნა შენახული ეროვნული მუზეუმის არქივში( თბილისში) . ვანის მუზეუმის ხელახლა გახსნის შემდეგ თბილისში გადატანილი ექსპონანტების გარკვეული რაოდენობა ისევ ვანში დაბრუნდება და 40,000 მდე ადგილობრივ ექსპონანტთან ერთად გამოიფინება. ვანის მუზეუმი იქნება საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი სამუზეუმო-საგამოფენო სივრცე , სადაც ცალკე კუთხე მოეწყობა „ვანელი ქალბატონების“ , ანუ არქეოლოგიური გათხრების შედეგაგდ აღმოჩენილ ქალთა სკულპტურებს და ნივთებს.
 ანტიკურ ხანაში ვანი, იგივე „სურიონ“ – იყო ძველი კოლხეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სატაძრო ქალაქი, რომელმაც აყვავებას მიაღწია ძვ. წ. III-I სს-ში., თუმცა ვანის ნაქალაქარზე მოპოვებული, ჯერჯერობით უძველესი არქეოლოგიური მასალა ძვ. წ. VIII-VI საუკუნეებით თარიღდება და კერამიკული ფრაგმენტებითაა წარმოდგენილი. დაახლოებით რომ გამოვთვალოთ – მინიმუმ 28 საუკუნოვან ( 2800 წლის) ისტორიაზეა საუბარი.
კარიბჭის კედელზე ვერტიკალურად ამოკაწრული იყო ქალღმერთისადმი მიძღვინილი წარწერა, რომელიც ძვ. წ. IV-IIIსს-ით თარიღდება და საქართველოში დღემდე აღმოჩენილ უძველეს ლაპიდარულ ბერძნულ წარწერად ითვლება აღნიშნული წარწერა გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის არა მარტო სურიონელთა – ვანის მოქალაქეთა რელიგიური რწმენა-წარმოდგენების შესახებ, არამედ ის მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემცველია ზოგადად, ძველი კოლხეთის საზოგადოების იდეოლოგიისთვისაც.
ვანის ანტიკური ქალაქის ისტორია საკმაოდ ტრაგიკულად ძვ. წ. I საუკუნეში სრულდება, როცა , პონტოს მეფის მითრიდატე VI-ის ვაჟი, უმცროსი მითრიდატე სურიონში (ვანში) მმართველობის დროს, იწყებს ლოტოსის ყვავილისა და რვაქიმიანი ვარსკვლავის გამოსახულებიან ვერცხლისა და სპილენძის ანონიმურ მონეტებს , რაც მამის წინააღმდეგ შეთქმულებას გულისხმობდა . ამის გამო განრისხებულმა მამამ სამხედრო სადამსჯელო ექსპედიცია გააგზავნა სურიონში და მოგვიანებით ვანი პონტოელებმა ბრძოლით აიღეს . ხოლო უმცროსი მითრიდატე ოქროს ბორკილებით დატუსაღებული მამას მიჰგვარეს და ცოტა ხანში სიცოცხლეს გამოასალმეს. სურიონმა ( ვანმა ) კი ამის შემდგენ სამუდამოდ შეწყვიტა მისი ანტიკური არსებობა.

გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმი:
ტაბიძეების სახლ-მუზეუმში – ყველაზე მთავარი არის განცალკევებით მდგარი ორი ულამაზესი იმერული ოდა-სახლი – ერთი სადაც გალაკტიონი დაიბადა , მეორე სადაც ტიციანი დაიბადა და მისი ოჯახი ცხოვრობდა. ვფიქრობ ამ ეტაპზე უფრო პრაქტიკულია მოგიყვეთ რას ნახავთ მუზეუმში. ორივე სახლი , ისე როგორც მთლიანად მუზეუმის ეზო, საუკეთესო ადგილია, სადაც სტუმარს შეგიძლიათ აჩვენოთ იმერული ეთნოგრაფია, XIX-XX სს-ის საცხოვრებელი სახლები , საოჯახო ნივთები , ადგილობრივთა ცხოვრების სტილი და წეს-ჩვეულება. გალაკტიონის სახლის გვერდით არის იმერული ღია მარნის, („ჭურისთავის“ ) საკმაოდ მოზრდილი ფრაგმენტი, რომელსაც მისი ოჯახი ღვინის დასამზადებლად და შესანახად იყენებდა. იქვე, მემორიალური სახლის წინ განლაგებულია გალაკტიონის ოჯახის მიერ დარგული ხეები , რომლებიც იმერული ეზოებისთვის საკმაოდ გავრცელებული ნაირსახეობებია : მსხალი (კვიჭიჭა და ხეჭეჭური) , ბროწეული , ცაცხვი და სხვა.
სახლ-მუზეუმი ხშირად მასპინძლობს სხვადასხვა კულტურულ და კოსტიუმირებულ ღონისძიებებს , რომელიც ძალიან საინტერესო შეიძლება იყოს ქართული ეთნოგრაფიით დაინტერესებული უცხოელი ტურისტისთვისაც.

ვანის სინაგოგა და ებრაელთა სასაფლაო.
საქართველოში ებრაული დიასპორა ერთ-ერთი უძველესი ეთნოლინგვისტური ჯგუფია. ქართლელი, ლეჩხუმელი, რაჭველი და ახალციხელი ქართველი ებრაელების მეტყველება არაფრით განსხვავდებოდა ადგილობრივი ქართული დიალექტებისაგან და მხოლოდ იმერეთში (ქუთაისი, ვანი, საჩხერე, კულაში) ჩამოყალიბდა ქართულ-ებრაული ენა ყივრული, რომელიც შეიცავდა მცირე რაოდენობით ებრაულ
და არამეულ ენობრივ წარმონაქმნებს. მთელი ქვეყნის მასშტაბით ებრაულ კულტურულ მემკვიდრეობაში მოქცეულ სინაგოგებს შორის ვანის სინაგოგა თავის გამორჩეულ ადგილზეა, გამომდინარე იქედან რომ, აქ ებრაელთა ოჯახების დიდი რაოდენობა იყო კონცენტრირებული. აქვეა ებრაელთა საკმაოდ დიდი სასაფლაოც . ვანის სინაგოგა XIX საუკუნეშია აგებული და მისი ინტერიერისა და არქიტექტურის გამო იმერეთის სინაგოგების საუკეთესო სამეულში შედის. ბოლო წლებში სინაგოგას ინტერიერს რესტავრირება ჩაუტარდა.

დიხაშხოს გოგირდის გეიზერი :
ვანის სოფელ დიხაშხოში- არსებულ თერმული წყლის გეიზერზე მისვლა და სამკურნალო აბაზანის მიღება, ზამთრის სუსხიან დღეებშიც თავისუფლად არის შესაძლებელი. გეიზერში წყლის ტემპერატურა დაახლოებით 35 გრადუსს აღწევს. ადგილზე ყვებიან, რომ თერმული წყალი 24 საათის განმავლობაში გამოედინება, ხოლო გეიზერი პერიოდულად ახალ აუზებს იკეთებს.
გეიზერი, რომლის ისტორია 100 წელზე მეტს ითვლის, ცნობილი სულ ცოტა ხნის წინ გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ობიექტთან მისასვლელი გზა გრუნტისაა , გეიზერს ვიზიტორები თითქმის ყოველდღე სტუმრობენ. ვიზიტორებში ობიექტის განსაკუთრებული პოპულარობის გამო, ხელისუფლებამ გეიზერისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგების მიზნით, გოგირდის გეიზერი აუქციონზე გაიტანა. შერჩეულ ინვესტორს ევალება ტურისტული კომპლექსის 6 ჰექტარზე მოწყობა და ადგილობრივების დასაქმება. ხოლო მთავარი გზიდან გეიზერთან მისასვლელი შიდა 2 კილომეტრიანი გზის კეთილმოწყობას ვანის მუნიციპალური მთავრობა უზრუნველყოფს.

ვანის აგროტურისტული ლოკაციები
მწვანე სოფელი იგივე ფერემთა- სოფელ ფერეთაში , საკემპინგე და მცირე საფესტივალე ადგილი თავისი გამართული ინფრასტრუქტურით . 19 კმ ქალაქი ვანიდან, 210 მ ზღვის დონიდან.

ვაშლარას დედათა მონასტრის თაფლი – სოფელ დიხაშხოს წმ. სამების ტაძარი იგივე „ვაშლარას დედათა მონასტერი“ რომელიც მდებარეობს ვანის მუნიციპალიტეტში სოფ. დიხაშხოში მდ. სულორის ნაპირზე (რიონის მარცხენა შენაკადი), ზღვის დონიდან 180 მეტრი, ვანიდან 6 კმ. „ვაშლარას დედათა მონასტერში“ დედები აწარმოებენ შერეული ტიპის თაფლს, რომელსაც განსაკუთრებულ არომატს იქვე უხვად მზარდი ველური მცენარეები ანიჭებენ; ეს არის ნამდვილი ბუკეტი. დედები ასევე დაკავებული არიან ხელსაქმით: ამზადებენ კელაპტრებს, ქსოვენ სკვნილებს, მძივებით ქმნიან სამკაულებს, გულზე დასაკიდებელ ფსალმუნებს, მანქანაში დასაკიდებელ ჯვრებს და სხვადასხვა ნივთებს. რომლის შეძენაც ყველა ვიზიტორს შეუძლია. ტურისტებს გიდობას თავად დედები გაუწევენ, ისინი მოისმენენ ეკლესიის აგების ისტორიას, დატკბებიან ულამაზესი ხედებით, სუფთა ჰაერით და მონასტრული ნუგბარით.სოფელ დიხაშხოს წმ. სამების ტაძარი (იგივე ვაშლარას დედათა მონასტერი ) თარიღდება XII საუკუნით. რომელიც ნაკურთხია იმერეთის ეპისკოპოსის გაბრიელ ქიქოძის მიერ. ნაგებია ადგილობრივი თეთრი და რიყის ქვით. ტაძარში წირვა შეწყდა 1937 წელს რეპრესიების და აღდგა 2017 წელს. ამავე წლის 30 აპრილს ეკურთხა ტაძარი და გაიხსნა დედათა მონასტერი (მენელსაცხებლე დედათა სახელზე). ტაძრის გარეთა სახე შენარჩუნებულია. ტაძრის ტერიტორიაზე ნაპოვნია საფლავები და ქვევრის ნამსხვრევები, რომელიც ტერიტორიის დასუფთავების დროს აღმოაჩინეს.

 ვანის ისტორიული ძეგლები:
1. სოფ.ამაღლების მაცხოვრის ერთნავიანი ბაზილიკა (1619 წ.) და ციხე-დარბაზი
2. ბზვანის წმ.ნიკოლოზისა და წმ.გიორგის სახელობის ეკლესიები და მღვიმე
3. ზედა ბზვანის ორი ციხე-სიმაგრე (ფეოდალური ხანის) და XIX საუკუნის ეკლესია
4. გადიდის ეკლესია (XI ს., ლაპიდ წარწ.)
5. ქვედა გორას ეკლესია (1903-04 წლ.)
6. დიხაშხოს სამების ეკლესია (XVIII საუკუნის I ნახ.)
7. ზეინდარის ერისთავთა გვიანდ. (XIX ს.) სასახლისა და ადრინდ. ხანის ციხე-დარბაზის ნანგრევები
8. ზენობნის მაცხოვრის ეკლესია (მოხატულ.)
9. ინაშაურის თამარის ციხე
10. ისრითის ლაბაჯაურის წმ.გიორგის ეკლესია, (შუა საუკუნეების ციხე, და კოშკი)
11. მაისაური ციხე-სიმაგრე
12. მთისძირის ძვ.წ. VI ს. ნამოსახლარი, ქვევრსამარხები, ადეიშვილების გორა სასიმაგრო ნაგებობების ნაშთით
13. ქვედა მუქედის მთავარანგეოზის სახ. ეკლესია
14. მელოურის ციხე და XIV საუკუნის მელოურის ეკლესია – სოფ. ძულუხი
15. სალომინაოს ეკლესია (XVI ს.)
16. სულორის კოშკი – გორმაღალის ციხე
17. ტობანიერის არქ.ძეგლი (ვერცხლის მონეტების განძი, ჩაფლული უნდა იყოს XIII-XIV სს.)
18. უხუთის წმ.გიორგის სალოცავის ნანგრევები
19. შუამთის წმინდა გიორგის ეკლესია (1615 წ., მოხატ.) და ნათლისღების ეკლესია.

 ვანის 15 ისტორიულად ყველაზე გამოჩენილი ადამიანი:
1) კალისტრატე ცინცაძე – საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი.
2) კორნელი კეკელიძე – ფილოლოგი, ლიტერატურათმცოდნე, თეოლოგი
3) გალაკტიონ ტაბიძე – პოეტი და საზოგადო მოღვაწე
4) გრიგოლ ლორთქიფანიძე – პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, დემოკრატიული საქართველოს მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე და სამხედრო მინისტრი.
5) ტიციან ტაბიძე – ქართველი სიმბოლისტი პოეტი, მწერალი, “ცისფერყანწელთა” მოძრაობის ერთ-ერთი დამაარსებელი
6) ჯემალ ქარჩხაძე – მწერალი, დრამატურგი და ესეისტი
7) კარლო საკანდელიძე – ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი
8) ნიკოლოზ (ნიკა) აგიაშვილი – ქართველი მწერალი, მთარგმნელი, ჟურნალისტი
9) შალვა მაღლაკელიძე – სამხედრო მოღვაწე, ვერმახტის ქართული ლეგიონის მეთაური
10) ოთარ ლორთქიფანიძე – ქართველი არქეოლოგი, ანთროპოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ქართული არქეოლოგიის ინსტიტუტის დამფუძნებელი.
11) ბერი სიმონი (ერისკაცობაში სოლომონ ბაღდავაძე) – დიდსქემოსანი მღვდელ¬მონაზონი, ბერი. ათონის ივერთა მონასტრის ქართველი ბერების უკანასკნელი მეთაური.
12) დავით ლორთქიფანიძე- პედაგოგიკის დარგში ქართველი მეცნიერი. ქართველოს იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიკის მეცნიერებათა სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი (1947-1960 წ.წ.)
13) დომინიკა ერისთავი – XIX საუკუნის 90-იანი წლებში გაზეთ „ივერიის“ პუბლიცისტი, კრიტიკოსი, ბელეტრისტი, მთარგმნელი ,ჟურნალისტი და ქალთა უფლებების დამცველი.
14) კირილე ლორთქიფანიძე-საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, ჟურნალისტი და კრიტიკოსი. ქუთაისის სადგილმამულო ბანკის დირექტორი, „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა” და ქუთაისის ეთნოგრაფიული საზოგადოების წევრი, ასევე „პეტერბურგის ქართული წიგნის ამხანაგობის” ერთ-ერთი დამაარსებელი.

ავტ:ქეთევან ახობაძე

საქართველოს გიდების ასოციაციის წევრი.
გიდების მსოფლიო ფედერაციის მიერ სერტიფიცირებული გიდი და გიდების ტრენერი.

One thought on “ანტიკური ქალაქი ვანი-ახალი ლოკაცია საქართველოს ტურისტულ რუკაზე

  • 19/05/2020 at 18:43
    Permalink

    მიხარია ვანის როგორც ტურისტული ლოკაციის აღნიშვნა იქნება საქართველოს რუკაზე,სასიხარულოა რომ ბევრი წაიკითხავს ვანის ისტორიას და მნახველიც ბევრი ეყოლება მადლობა ასეთი სასიამოვნო ინფორმაციისთვის.

    Reply

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Copy link
Powered by Social Snap