96 წლის იტალიელის ახდენილი ოცნება- ჯუზეპე პატერნომ ბაკალავრის დიპლომი მიიღო

ჯუზეპე პატერნო იტალიაში უნივერსიტეტის ყველაზე ასაკოვანი კურსდამთავრებული გახდა. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, პატერნო განათლების მიღებაზე ბავშვობიდან ოცნებობდა, მაგრამ მის ოჯახს ამისთვის საკმარისი თანხა არ ჰქონდა. ამიტომ მან სწავლის ნაცვლად მუშაობა დაიწყო, მეორე მსოფლიო ომის დროს კი იტალიის ჯარში, ტელეგრაფისტი იყო.

ომის დასრულების შემდეგ კაცი რკინიგზაზე მუშაობდა, მაგრამ განათელბის შესახებ ოცნება არ დაივიწყა და სამსახურის შემდეგ ღამის სკოლაში დადიოდა. ატესტატი საშუალო განათლების მიღების შესახებ მან 31 წლის ასაკში მიიღო.

2017 წელს კი პალერმოს უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე ჩააბარა. როცა სწავლა დასასრულს უახლოვდებოდა მსოფლიოში კორონავირუსის პანდემია დაიწყო და უნივერსიტეტი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. პატერნოს კომუნიკაციის ახალი საშუალებების ათვისება მოუწია და ამ ამოცანას თავი წარმატებით გაართვა. მას ბაკალავრის პირველი ხარისხის დიპლომი გადასცეს.

„ეს ერთ-ერთი უბედნიერესი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში. მხოლოდ ის მინდოდა, რომ ჩემს ცოლს ვენახე იმ მომენტში, მაგრამ ის 14 წლის წინ გარდაიცვალა“, – თქვა პატერნომ, რომელიც ახლა მაგისტრის დიპლომაზე ოცნებობს.

„დედაჩემმა 100 წელი იცოცხლა. თუ გენეტიკა ჩემს მხარეზეა კიდევ 4 წელი მაქვს“, – განაცხადა მან.

წყარო : imedinews

150

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Copy link
Powered by Social Snap