ძაღლის ყოლა ბავშვის ფსიქოლოგიურ განვითარებაზე დადებითად მოქმედებს

შინაური ცხოველის პატრონ ბავშვებს ნაკლებად აქვთ პრობლემები სხვა ბავშვებთან ურთიერთობისას და ქცევითი დარღვევებიც ნაკლებად უვითარდებათ იმ თანატოლებთან  შედარებით, რომლებსაც ძაღლები არ ჰყავთ.

აღნიშნულ დასკვნამდე ავსტრალიელი მეცნიერები მას შემდეგ მივიდნენ, რაც 3-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვების 1646 მშობლისაგან შეკრიბეს მონაცემები. კვლევის ფარგლებში გათვალისწინებული იყო მრავალი ფაქტორი, მათ შორის ოჯახის სოციალური სტატუსი, და-ძმების რაოდენობა, ძილის და ეკრანთან გატარებული დრო, ცნობები მშობლების პროფესიისა და სამსახურის შესახებ და ა.შ.

კვლევამ უჩვენა, რომ იმ ბავშვებს, რომლებსაც ძაღლები ჰყავთ 30%-ით ნაკლები შანსი აქვთ განუვითარდეთ ქცევითი დარღვევები იმ ბავშვებთან შედარებით, რომლებსაც ძაღლები არ ჰყავთ. თანატოლებთან ურთიერთობისას სირთულეები ძაღლის პატრონებს დაახლოებით 40%-ით ნაკლებ შემთხვევაში ექმნებათ, 34%-ით ნაკლებია სოციალიზაციის პრობლემების განვითარების შანსი.

გარდა ამისა იმ ბავშვებს, რომლებსაც ძაღლები ჰყავთ, ნაკლებად აწუხებთ სხვადასხვა სახის ემოციური სირთულეები და ჰიპერაქტიურობა.

„ეს კვლევა არ მოგიწოდებთ, რომ ახლავე წახვიდეთ და ძაღლი იყიდოთ. ძაღლის შეძენა ფინანსების გარდა, პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული. ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომელიც მაშინ უნდა მიიღოთ, როცა ამისთვის მზად იქნებით. თუმცა შედეგები გვიჩვენებს, რომ პატარების ჯანსაღ ფსიქოლოგიურ განვითარებაზე შინაური ცხოველის ყოლა დადებით გავლენას ახდენს.“ – აცხადებს მკვლევართა ჯგუფის ხელმძღვანელი, დოქტორი ჰეილი კრისტიანი.

 

162
Share on facebook
გააზიარე
მედეა მამფორია

მედეა მამფორია