როგორ შეხვდნენ ცნობილი სახეები 2021 წელს ?!

ცნობილი სახეები –  წლევანდელი ახალი წელი ყველამ განსხვავებულად და უჩვეულოდ აღნიშნა, რადგან პანდემიამ მსოფლიოს დღის წესრიგი რადიკალურად შეცვალა. გამონაკლისი არც ამ გრანდიოზული დღესასწაულის აღნიშვნა იყო. დღეს, არსებული რეალობიდან გამომდინარე თითოეულ ჩვენგანს აკისრია ვალდებულება გამოიჩინოს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და ასეთ ვითარებაში დარჩეს სახლში. მეორეხარისხოვანი გახდა ახალ წელს იმ ტრადიციების ზედმიწევნით შესრულება, რომლებიც ასეთი მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ქართველებისთვის. 2020 წელმა ყველა იმ უბედურებასთან ერთად გვასწავლა, რომ ჯანმრთელობა იმაზე მეტად უნდა დავაფოსოთ, ვიდრე აქამდე.

„ახალი წლიდან ყველაფერი ცუდი წარსულში უნდა დავტოვოთ და ცხოვრება ახალი ფურცლიდან დავიწყოთ“, ეს ფრაზა ალბათ ხშირად გსმენიათ და მართლაც, დამეთანხმებით, რომ ჯადოსნური ძალა აქვს. სიტყვასა და რწმენას მნიშვნელოვანი ძვრების გამოწვევა შეუძლია ჩვენს ცხოვრებაში. მეცნიერები და ასტროლოგები ახალი ეპოქის დასაწყისზე მიუთითებენ და ამბობენ, რომ ეს წელი მნიშვნელოვანი ცვლილებების დასაწყისი იქნება. იმედი ვიქონიოთ, რომ მერწყულის ეპოქა მსოფლიოსთვის მშვიდობიანი აღმოჩნდება.

EDITORI.GE წარმატებულ და საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობ რესპონდენტებს გაესაუბრა. საინტერესოა, როგორია მათი განწყობა და რით იყო ეს წელი განსხვავებული  მათთვის.

 ალექსანდრე ზაზარაშვილი – „უკრაინული საბავშვო ვოისის“ გამარჯვებული:

ცნობილი-სახეები300x200_როგორც ყველასთვის, ისევე ჩემთვისაც, ახალი წელი ძალიან მნიშველოვანი დღესასწაულია, რადგან ამ დროს ვიკრიბებოდით მთელი ოჯახი, საახლობლო-სანათესაო წრესთან ერთად. ჩემს სახლში ტრადიციული ქართული სუფრა იშლებოდა  და ყველანი ერთად ვეგებებოდით ახალი წლის შემობრძანებას. 12 საათის შემდეგ საზეიმოდ ვისროდით საახალწლო ფოიერვერკს და ასე ვიქმნიდით  მხიარულ განწყობას. თუმცა, ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ასე აღარ ხდება, რადგან ასეთ დროს კონცერტები მქონდა და შესაბამისად ვერ ვახერხებდი სახლში შევხვედრილიყავი ახალ წელს. მიუხედავად ამისა, ჩემი ოჯახის წევრები მარტო არ მტოვებდნენ და ყოველთვის ჩემთან ერთად იყვნენ კონცერტებზე, სადაც ასევე სასიამოვნო დროს ვატარებდით ერთად. წელს კი ყველაფერი შეცვლილია ჩემს ცხოვრებაში. 1 წლის წინ პირველად ჩამოვედი ამერიკაში, რომ  მონაწილეობა მიმეღო კონკურსში „გზა კარნეგი ჰოლისკენ“, რომელსაც ხელმძღვანელობდა მსოფლიო ოპერის ვარსკვლავი დავით ღვინიანიძე, სადაც გავიმარჯვე. ხოლო მეორედ უკვე სხვა პროექტისთვის ჩამოვედი, რომელიც ჰოლივუდთან დიდ კავშირშია. სამწუხაროდ, ეს პროექტი კოვიდ პანდემიის გამო გადაიდო, რამაც  ჩემი საქართველოში დაბრუნება დააყოვნა. საბოლოოდ, დავრჩი აქ და  ახალი ამერიკული ცხოვრება დავიწყე. სკოლაშიც შევედი, რის გამოც ძალიან ბედნიერი ვარ. წლევანდელი ახალი წელი ჩემთვის უჩვეულო და განსხვავებულია, რადგან პირველად ვხვდები ამ დღესასწაულს ამერიკაში, თანაც ჩემი ოჯახისგან მოშორებით.

 მარკუს მეტრეველი – მომღერალი:

_ახალი წელი და აღდგომა ჩემთვის განსაკუთრებულად საყვარელი დღესასწაულებია. პირველ რიგში, იმიტომ, რომ  ბავშვობაში მაბრუნებს და  უფრო მეტად მაახლოვებს უფალთან. ეს დადებითი ენერგია, რომელიც ახალი წლის დღეებში სუფევს ნამდვილად გადამდებია,  რადგან ადამიანები ერთმანეთის მიმართ გამოხატავენ უამრავ სითბოსა და სიყვარულს. ასევე, მავიწყებს რთულ დღეებსა და იმ რეალობას, რომლის წინაშე ჩვენ ვდგავართ, წელს განსაკუთრებით. სწორედ ახალი წელი და მსგავსი დღესასწაულები მაბედნიერებს, რადგან ხალხში ვხედავ სიყვარულს, სითბოსა და პატივისცემას ერთმანეთისადმი. რაც შეეხება საახალწლო ტრადიციებს, რამდენიმე ე.წ წეს-ჩვეულება მაქვს, რომელიც მეხმარება, რომ ახალ წელს შევხვდე მშვიდად და პოზიტიურად. ფურცელზე  ყველა იმ მიზანს ჩამოვწერ, რომელიც მინდა რომ განვახორციელო და საფულეში ვდებ.  ხოლო წინა წლის ფურცელს, რომელიც ასევე საფულეში მედო ვწვავ და მადლობას ვუხდი ძველ წელს, თავისი მწვერვალებით და უკუსვლებით.

ამ მძიმე პერიოდშიც, ახალ წელს შევხვდი ჩემს ოჯახთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად სახლში. წინა წლებისგან განსხვავებით, ამ წელს არ ვყოფილვარ მარტო, არამედ ჩემ გვერდით უახლოესი ადამიანები იყვნენ, რამაც უფრო ბრჭყვიალა გახადა ყველაფერი. ჩემი შინაგანი მდგომარეობისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვაინა.

ჩემს სამომავლო გეგმებზე დიდად საუბარი არ მიყვარს, რადგან ეს თემა, რატომღაც, ჩემთვის პირადი გახდა. თუმცა გეტყვით იმას, რომ  ახალ სიმღერაზე ვმუშაობ, რომელიც არაჩვეულებრივმა მუსიკოსებმა ბორიკო შხიანმა და ნატო ღოღობერიძემ დამიწერეს. ტექსტი ეკუთვნის ქეთი ორჯონიკიძეს, ხოლო სიმღერის არანჟირება უკვე დასრულებულია. ახალი წლის დღეების შემდეგ დავასრულებ ამ პროექტსაც და გაზაფხულზე უკვე გამოვა ჩემი სიმღერა, რომელზეც კლიპის გადაღებასაც ვგეგმავ. 2021 წელს სამყაროსგან ველოდები ჯანმრთელობას, მშვიდობას, ერთობასა და სულიერ ბედნიერებას. ჩემი აზრით, ქართველებმა უფრო მეტად უნდა დავაფასოთ ერთმანეთი და გამოვხატოთ სიყვარული.

ნუცა სურგულაძე – „მასტერშეფის“ მე-2 სეზონის გამარჯვებული

_ყველა დღესასწაული მიყვარს, თუმცა ახალი წელი ერთ-ერთი გამორჩეულია ჩემთვის, რადგან ცვლილებებთან და ახლის დასაწყისთანაა კავშირში. გამორჩეული საახალწლო ტრადიცია ჯერჯერობით არ მაქვს. წელს ახალი წელი ჩემს ახალ სამზარეულოში აღვნიშნე, ფრანგ მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან. წინა წლებში ეს დღესასწაული ჩემთვის უფრო მრავალფეროვანი იყო, რადგან ჩვენს ცხოვრებაში კოვიდი არ არსებობდა. მიუხედავად ამისა, მაინც გამოვარჩევდი ამ ახალ წელს, რადგან სახლში შევხვდი წყნარად და მშვიდად, რაც ჩემთვის უჩვეულოა.      

რაც შეეხება ჩემს სამომავლო გეგმებს, ზოგადად ყოველთვის ვიცი რისი გაკეთება მინდა და ამისათვის სპეციალურად გეგმას ვწერ თუ  მომდევნო წლის განმავლობაში რას მივაღწევ. ამ ახალი წლისთვის, ეს გეგმა არ ჩამომიწერია, რადგან ჩვენ ირგვლივ რეალობა იმდენად შეიცვალა, რომ არც კი ვიცი ცხოვრება რას მოიტანს. რა თქმა უნდა, რამდენიმე გეგა მაქვს: უფრო მეტად მინდა ვიაქტიურო ჩემს ბლოგზე, სადაც უამრავი მიმდევარი მყავს. ასევე, ვგეგმავ მოგზაურობას და თუ რესტორნები გაიხსნება არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი უნდა განვახორციელო, როგორც მზარეულმა.

 

349
ნიკა ხოსიტაშვილი

ნიკა ხოსიტაშვილი