„და ჩვენ ვიცეკვეთ“ Chlotrudis Awards-ზე სამ ნომინაციაში იბრძოლებს

Share on facebook
გაზიარება

ფილმმა „და ჩვენ ვიცეკვეთ“ დამოუკიდებელი კინოს დაჯილდოების Chlotrudis Awards-ის სამი ნომინაცია მიიღო.

ქართული სურათი საუკეთესო ფილმის, საუკეთესო კაცი მსახიობისა (ლევან გელბახიანი) და საუკეთესო მუსიკის (ზვიად მღებრიშვილი) კატეგორიებში იბრძოლებს.

ქართულ-შვედური ფილმი 2019 წელს, წარმოშობით ქართველმა, შვედმა რეჟისორმა, ლევან აკინმა გადაიღო. სურათში მთავარ როლებს ლევან გელბახიანი, ბაჩი ვალიშვილი და ანა ჯავახიშვილი ასრულებენ. საუნდტრეკი ქართველ მუსიკოსსა და კინოკომპოზიტორს, აუდიო პოსტ პროდაქშენ კომპანიის, Postred-ის ერთ-ერთ დამფუძნებელს, ზვიად მღებრიშვილს ეკუთვნის.

ფილმის პრემიერა კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. ასევე, ლევან გელბახიანმა ევროპული კინოაკადემიის ნომინაცია მიიღო. მოგვიანებით, სურათის სპეციალური ჩვენება სანდენსის კინოფესტივალზე გაიმართა. სულ “And Then We Danced”-მა 25 სხვადასხვა კინოჯილდო და ნომინაცია მიიღო. 2019 წელს ფილმი შვედეთის სახელით ოსკარის ნომინაციისთვის იბრძოდა, მაგრამ საბოლოო ჩამონათვალში ვერ გავიდა. „და ჩვენ ვიცეკვეთ” პირველი ქართული ფილმია, რომელიც ქლოტრუდის დაჯილდოების ნომინანტი გახდა.

Chlotrudis Awards დამოუკიდებელ კინოს გამორჩეულ ნამუშევრებს 1994 წლიდან აჯილდოებს. წლევანდელი დაჯილდოების ცერემონია ონლაინ რეჟიმში, 17 მარტს გაიმართება.

98
მედეა მამფორია

მედეა მამფორია