ლაშა გელაშვილი-2020 წლის ნიჭიერის გამარჯვებული

ნიჭიერის გამარჯვებული: ლაშა გელაშვილი-26 წლის ილუზიონისტია,რომელიც 2020 წლის ნიჭიერის გამარჯვებული გახდა.

მისი  ნომრით მან არამარტო ჟიურის,არამედ ხალხის გულის დაპყრობაც მარტივად შესძლო.

ეს ლაშას დებიუტი არ ყოფილა,მან 2017 წელსაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ნიჭიერის სცენიდან ჩვენს საზოგადოებაზე.

იმის გასარკვევად, თუ რა იმალება ამ მაგიის მიღმა და როგორია ილუზიონისტის ნამდვილი ცხოვრება  EDITORI.GE ლაშას დაუკავშირდა.

 

-მოგესალმები ლაშა,საკმაოდ ცნობილი ხართ თუმცა კიდევ ერთხელ გაეცანი ჩვენს მკითხველს …
მოგესალმებით, მე ვარ ლაშა გელაშვილი 26 წლის ქალაქ თბილისიდან, პროფესიით მარკეტერი. დავამთავრე ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი და ახლა ვმუშაობ ერთ-ერთ კომპანიაში მარკეტინგის დეპარტამენტში.
თუმცა, მაქვს მეორე პროფესია – ილუზიონისტი, რომლის როლსაც საკმაოდ ხშირად და აქტიურად ვირგებ და არის ჩემთვის დამატებითი შემოსავლის წყაროც.

-გადავიდეთ შენს  საქმიანობაზე პირდაპირ,რამდენი წლის იყავით როდესაც დაინტერესდით ამ სფეროთი და რატომ?
ამ სფეროთი ბავშვობიდან დაინტერესებული ვარ, ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვუყურებდი ილუზიონისტების გამოსვლებს, თუმცა უშუალოდ ფოკუსების კეთება დავიწყე დაახლოებით 10 წლის წინ.

 

-როგორ განვითარდა მოვლენები ამის შემდეგ რომ მოგვიყვე, ამ კუთხით? ვინ გასწავლიდათ და..ა.შ
ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ არ არსებობს რაიმე დაწესებულება სადაც ადამიანს შეეძლება ისწავლოს და მიიღოს ინფორმაცია ფოკუსების შესახებ. ამ სფეროში მეც და ჩემი კოლოგებიც ვინც ვმოღვაწეობთ საქართველოში ვართ თვითნასწავლები.
ჩემი საილუზიო კარიერის დაწყებიდან 10 წელი გავიდა. იყო პატარ-პატარა პაუზებიც გარკვეული ფაქტორებიდან გამომდინარე: სწავლა, უნივერსიტეტი და ა.შ. მაგრამ საბოლოოდ მივხვდი რომ ფოკუსები ჩემთვის გაცილებით მეტი იყო ვიდრე უბრალოდ ჰობი და გართობა. დღემდე სისტემატიურად მიწევს სხვადასხვა მეთოდების და ფოკუსების ათვისება, რათა მეტად განვვითარდე ამ სფეროში და გავაგრძელო პროგრესირება.

-პირველი ფოკუსი თუ გახსოვს შენი?
რა თქმა უნდა მახსოვს, სრულიად შემთხვევით ინტერნეტ სივრცეში ვნახე ვიდეო, სადაც ილუზიონისტი ჯერ აჩვენებდა მაყურებელს ფოკუსს და შემდგომ ხსნიდა დეტალურად. საკმაოდ მარტივი და საბაზისო ფოკუსი იყო, მაგრამ იმ მომენტში ჩემზე ძალიან დიდი ეფექტი მოახდინა, ამიტომ ვეცადე მისი ათვისება. პირველი ჩემი მაყურებელი გალხდათ ჩემი ძმა და „საბედნიეროდ“ ჩემი პირველი გამოსვლა კრახით დამთავრდა. „საბედნიეროდ“ ვამბობ იმიტომ, რომ ეს კრახი ჩემთვის გახდა მოტივატორი, რომ გაცილებით მეტი მევარჯიშა საკუთარ თავზე და მაყურებლის წინაშე სრულფასოვნად წარმედგინა ფოკუსი.

-ყველაზე რთული რა არის ამ საქმეში?
ეს სფერო მოითხოვს ძალინ ბევრ და დაუღალავ შრომას, პატარა დეტალებიც კი უმნიშვნელოვანესია, რომელთა გათვალისწინებაც განაპირობებს ნომრის ეფექტურობას და მაყურებლის მხრიდან ემოციას. ერთი მარტივი ფოკუსის სწავლას შესაძლოა არა თუ რამოდენიმე საათი არამედ კვირები და თვეები დასჭირდეს. და მხოლოდ ტექნიკურად ათვისება არ არის საკმარისი, მნიშვნელოვანია ასევე რამდენად კარგად ასრულებ ფოკუსს. ნომრის წარდგენას და სანახაობის დადგმას ცალკე მუშაობა სჭირდება.
საილუზიო სფერო ყოველდღიურად ვითარდება, იქმნება ახალი, განსხვავებული ფოკუსები და მეთოდები, თუ გინდა იყო წარმატებული და კარგი ილუზიონისტი ამ პროცესს აუცილებლად უნდა აყვე. 

-2020 წლის ნიჭიერის გამარჯვებული ხარ, როგორც მახსოვს 2017 წელსაც მონაწილეობდით ნოჭიერში,ელოდი ამ გამრჯვებას?
კი ვიღებდი 2017 წლის ნიჭიერში მონაწილეობას, სადაც მივაღწიე ფინალამდე და საკმაოდ ბევრი ვიფიქრე მეცადა თუ არა კიდევ ერთხელ ნიჭიერში ბედი. ვაცნობიერებდი რომ ჩემი ხელახლა გამოსვლა საკმაოდ დიდ რისკთან იყო დაკავშირებული, რადგან წარმატებული იქნებოდა ჩემი გამოსვლა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ უკეთეს შედეგმდე მივიდოდი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვება იყო. მაგრამ ვთვლიდი რომ მზად ვიყავი ამ გამოწვევისთვის და კარგია რომ ეს ნაბიჯი გადავდგი.
მოლოდინი რათქმაუნდა მქონდა, მაგრამ ნამდვილად არ ვიყავი დარწმუნებული გამარჯვებაში, რადგან ფინალში უკვე მონაწილის ბედს მხოლოდ მაყურებელი წყვეტს. მაქსიმალური გავიღე ამ პროექტისთვის და მადლობას ვუხდი მაყურებელს და თითოეულ ჩემს გულშემატკივარს რომ ჩემი გამარჯვებისთვის უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშეს.

ნიჭიერის-გამარჯვებული300x169

-რა შეცვალა ამ გამარჯვებამ შენს ცხოვრებაში?
ჯერ კიდევ ემოციებში ვარ და ვერც ვაანალიზებ ნორმალურად რომ ნიჭიერი 2020-ის გამარჯვებული გავხდი. გარდა იმისა, რომ ამ პროექტმა კიდევ ერთხელ უდიდესი წარმატება და ხალხის სიყვარული მომიტანა, დარწმუნებული ვარ წლევანდელი ნიჭიერი ჩემს ცხოვრებაში ძალიან ბევრ რამეს შეცვლის უკეთესობისკენ.

-როგორ ფიქრობ დღეს საქართველოში რამდენად ექცევა ყურადღება ამ სფეროს?
საქართველოში საილუზიო სფეროს ვთვლი რომ არ ექცევა სათანადო ყურადღება, რაც ბუნებრივია, რადგან არც სათანადოდ არის განვითარებული. თუმცა ბოლო წლებში გაცილებით იცვლება დამოკიდებულება მაყურებლის და ზოგადად ხალხის მხრიდან. ნიჭიერში გამოჩნდა არაერთი ილუზიონისტი, რომელმაც თავი ძალიან კარგად წარმოაჩინა და მაყურებლის ყურადღება მიიქცია. გარდამტეხი იყო წლევანდელი ნიჭიერი, სადაც პირველად ნიჭიერის ისტორიაში ილუზიონსტმა გაიმარჯვა. ეს კი უკვე წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია საქართველოში საილუზიო სფეროს განვითარებისთვის და მოხარული ვარ რომ მე ამ ყველაფრის ნაწილი ვარ.
ამ ყველაფრის ნათელი მაგალითი არის ის რომ ჩემი პირადი იუთუბ არხი, სადაც საბაზისო ფოკუსებს ვასწავლი ჩემს მაყურებელს, 45 000-ზე მეტ გამომწერს აერთიანებს, რომლებიც დაინტერესებულები არიან ამ სფეროთი.

-როგორია ლაშა გელაშვილის ერთი დღე?
ძალიან დატვირთული და დაკავებული. ოჯახი… სამსახური… ფოკუსები… იუთუბი, რისთვისაც სისტემატიურად მიწევს ახალი ვიდეოების გადაღება, დამუშავება და ატვირთვა… ამ ყველაფრის შეთავსება რთულია, თავისუფალი დრო თითქმის არ არსებობს ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ მადლობა უფალს რომ ამდენ შესაძლებლობას მაძლევს და ვცდილობ ყველა მათგანი გამოვიყენო.

-მოგვიყევით უფრო ვრცლად  იუთუბ არხის შესახებ,სადაც როგორც უკვე თქვით საკმაოდ ბევრი გამომწერი გყავთ..
დიახ, როგორც უკვე ვახსენე 45 000 გამომწერი იყრის თავს ჩემს იუთუბ არხზე და თითოეული მათგანი ყოველდღე ელოდება ახალ ფოკუსებს. მაქვს ასევე ფეისბუქ ჯგუფი „ფოკუსების მოყვარულთა კლუბი“, სადაც ჩემს მაყურებელს შეუძლია გაწევრიანდეს, ატვირთოს საკუთარი შესრულებული ფოკუსები, მივცეთ ჯგუფის წევრებმა რჩევები და გავუზიაროთ ჩვენს მიერ დაგროვილი ცოდნა ერთმანეთს. ძალიან მიხარია რომ უკვე ამხელა დაინტერესებაა ამ სფეროს მიმართ და დარწმუნებული ვარ ეს ინტერესი კიდევ უფრო გაიზრდება.

 -რა გეგმები გაქვს სამომავლოდ?
ბევრი იდეა და გეგმა მაქვს, რომელთა გამხელას ამ ეტაპზე არ დავიწყებ, მაგრამ შემიძლია გითხრათ რომ თითოეული მათგანი საილუზიო სფეროს და მის განვითარებას უკავშირდება.

-როგორც ილუზიონისტს თუ გაქვთ რაიმე გამორჩეული ოცნება?
ძალიან დიდი სურვილი მაქვს საქართველოში იყოს საილუზიო შოუ, სადაც მაყურებელს შეეძლება იხილოს განსხვავებული და გასაოცარი სანახაობა ჩემი და ჩემი ნიჭიერი კოლეგების მონაწილეობით.

 

 

 

 

 

 

1, 129
admin

admin