ნატალია ჭამიაშვილი – გოგონა, რომელიც ახალგაზრდებს კარიერულ განვითარებაში ეხმარება

კარიერული-განვითარება

   კარიერული განვითარება:

ადამიანები, რომლებიც დღეს კარიერული განვითარების მწვერვალზე არიან, როგორც წესი, ამისთვის მარტივად არ მიუღწევიათ. გზა დიდი წარმატებისკენ მარტივი ნამდვილად არ ყოფილა. თუმცა კარიერულ წინსვლაში წინაღობები თავის დანებების მიზეზი არ ყოფილა და პირიქით, ეს ძალა უბიძგებდა მათ, რომ მეტი ემუშავათ საკუთარი თავის უკეთ წარმოსაჩენად.

EDITORI.GE დაინტერესდა გოგოთი, რომელიც საკუთარი წარმატების გამოცდილებას ფართო აუდიტორიას უზიარებს. ნატალია ჭამიაშვილი ყველაზე დიდი ახალგაზრდული ორგანიზაციის-მოხალისეთა ჰაბისა და პლატფორმა W4W-ის დამფუძნებელი/ტრენერია კარიერული განვითარების მიმართულებით. საინტერესოა, როგორი იყო მისი განვლილი გზა დღემდე. ამის შესახებ იგი თავად მოგვითხრობს.

კარიერული-განვითარება

          _ბავშვობიდან რომ დავიწყოთ. როგორი იყო პატარა ნატალია და რაზე ოცნებობდა იგი?

          _ბავშვობაში ძალიან მოუსვენარი და ცნობისმოყვარე ვიყავი. გარშემომყოფების ყურადღებას იმით ვიქცევდი, რომ ძალიან ცელქი ვიყავი და ყველაფერი მაინტერესებდა. ასევე,  მოგზაურობაზე ვოცნებობდი, მინდოდა მთელი მსოფლიო შემომეარა, განსაკუთრებით კი ევროპა მიზიდავდა. ჩემი ცნობისმოყვარეობიდან გამომდინარე, სურვილი მქონდა, რომ ბევრი პროფესია ამეთვისებინა და ვყოფილიყავი მომღერალი, მოცეკვავე, კომპოზიტორი და ა.შ

          _როგორი იყავით სკოლაში და რაიმე განსაკუთრებული ინტერესები თუ გქონდათ?

          _სკოლაშიც ძალიან აქტიური ვიყავი. ვცდილობდი, რომ ყველაფერში ჩავრთულიყავი, დაწყებული საგანამანათლებლო ღონისძიებებიდან გასართობი პროექტებით დამთავრებული. გართობაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, რომ მხოლოდ წიგნები არ მეკითხა. ასევე სკოლის თვითმმართველობაშიც ვიყავი და ვცდილობდი ჩემს ვიწრო სოციუმში უკეთესობისაკენ რაღაცები შემეცვალა. ასევე, ძალიან მიყვარდა მუსიკა და ყოველთვის მქონდა სურვილი რაიმე მუსიკალური ნაწარმოებები დამეწერა და ვცდილობდი კიდეც. რა თქმა უნდა, არ იყო ისეთი დონის, რომ მუსიკა ვუწოდოთ, მაგრამ მე ეს პროცესი სიამოვნებას მანიჭებდა.

          _რამდენი წლის ასაკში გააცნობიერეთ რა გინდოდათ ცხოვრებისგან?

_ზოგიერთ ადამიანს ჰგონია, რომ ძალიან კარგად მაქვს გაცნობიერებული რა მინიდა ცხოვრებაში, მაგრამ უფრო სპონტანური ვარ. ვცდილობ, რომ ცხოვრების შესაძლებლობები ეტაპობრივად ჩემი განვითარებისთვის მაქსიმალურად გამოვიყენო.

          _რამდენი პროფესია გაქვთ?

          _ორი ძირითადი პროფესია მაქვს: კომუნიკაციის მენეჯერი და ასევე კარიერული განვითარების ტრენერი ვარ.  ამას გარდა ”ფრილანსერიც“ ვარ და ვიღებ შეკვეთებს სხვადასხვა მიმართულებით.

          _“სწავლა სიბერემდე“ – ნათქვამია. თქვენ რამ გადაგაწყვეტინათ გაგეგრძელებინათ სწავლა ხანგრძლივი დროის განმავლობაში?

          _არასდროს მქონია გეგმაში რა ეტაპამდე მინდოდა მესწავლა, უბრალოდ დიდ სიამოვნებას ვიღებდი პროცესით. ძალიან მომწონს, როდესაც ახალ რაღაცებს ვეცნობი. როდესაც ბაკალავრიატის საფეხური დავამთავრე მცირე შესვენება მქონდა, ეგრევე მაგისტრატურაზე არ ჩამიბარებია, მაგრამ იმ პერიოდშიც ვცდილობდი სხვადასხვა საზაფხულო სკოლა ან ონლაინ კურსი მომეძებნა და ახალი რაღაცები მესწავლა. შეიძლება ზოგიერთ საქმიანობას, არასდროს გამოვიყენებ პროფესიად, თუმცა ძალიან მიყვარს რაღაც ახლის შესწავლა. ჩემთვის საინტერესოა, როდესაც ჩემს თავში აღმოვაჩენ ხოლმე ახალ-ახალ ინტერესებს.

          _განათლება სად გაქვთ მიღებული?

          _“თსუ“-ში დავამთავრე ბაკალავრიატი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით, გავიარე გაცვლითი პროგრამა გერმანიში  „ვიადრინას ევროპულ უნივერსიტეტში“ ერასმუმს პლუსუს პროგრამით. ამის შემდეგ დავბრუნდი საქართველოში და კიდევ ერთი გაცვლითი პროგრამით წავედი ამერიკაში, კერძოდ „ინდიკოტის“ კოლეჯში, რომელიც დაფინანსებული იყო ამერიკის საელჩოს მიერ. რაც შეეხება მაგისტრატურის საფეხურს ჩავაბარე „ერასმუს მუნდუსის“ პროგრამაზე, პირველ წელს გავატარებ იორკში, ინგლისში ხოლო შემდეგ გავემგზავრები ავსტრიაში „ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში“.

          _რა არის თქვენი წარმატების ფორმულა?

კარიერული-განვითარება _როგორც უკვე ვახსენე, „ოპორტუნისტი“ ვარ და ვცდილობ, ცხოვრებაში ყველაფერი გამოვცადო და მივხვდე რა მომწონს. მეორე ალბათ ისაა, რომ ვცდილობ კარგი ადამიანი ვიყო და რა ნაბიჯებსაც ვდგამ ეს არ აზიანებდეს ირგვლივმყოფების ინტერესებს. მჯერა, რომ კარგი ენერგიები სამყაროში გროვდება და უკან გვიბრუნდება. რაც  იღბალშიც გამოიხატება. ნაწილობრივ იღბლიანი ადამიანიც ვარ, რადგან ბევრჯერ რაღაცები ჩემი გადასაწყვეტი არ იყო, მაგრამ შემდგომ მოვლენები ჩემდა დამოუკიდებლად ძალიან კარგად განვითარდა.

          _ნიჭიერი უფრო ხართ თუ შრომისმოყვარე?

_ყველა ადამიანს აქვს ნიჭი, მთავარია, აღმოაჩინოს ის, აქედან გამომდინარე, რაღაცების ბუნებრივად კეთება ყველა ჩვენგანს არ შეუძლია. შესაბამისად ასეთი რაღაცები უნდა ვისწავლოთ. ჩემს შემთხვევაშიც ეგრეა, აი მაგალითად ხატვა საერთოდ არ გამომდის. ისევ და ისევ, ჩემი განსაკუთრებული ნიჭი ალბათ ის არის, რომ რა უნარებიც გამაჩნია ვიპოვო და შემდეგ ვცდილობ ხოლმე ამ უნარების განვითარებას. ალბათ შრომისმოყვარე უფრო ვარ, ვიდრე ნიჭიერი, თუმცა ამ შესაძლებლობების აღმოჩენის ნიჭი მაქვს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

          _იღბალს თუ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა და საერთოდ თუ გჯერათ მისი?

_“იღბალს“ ვეძახი მე ასეთ რაღაცას, როდესაც კარგ რაღაცებს ვაკეთებთ სამყაროში, ჩვენ ირგვლივ ადამიანები ბედნიერდებიან და შემდეგ  დადებითი ენერგია უკან გვიბრუნდება. ზოგჯერ იღბლის კომბინაციაც არის ხოლმე, სადაც ესეც საჭიროა და შეიძლება რაღაც გაგებით გარკვეულ მომენტებში ჰქონდეს გადამწყვეტი მნიშვნელობა. თუმცა ყოველთვის იღბალი არ არის გადამწყვეტი და ზოგჯერ შრომისმოყვარეობას ან სწორად გადადგმულ ნაბიჯსაც დიდი მნიშვნელობა აქვს.

          _როგორც ვიცი, დასაქმებისა და კარიერული განვითარების 2 პლატფორმა გაქვთ Facebook-ზე და ასევე TikTok-ზეც საკმაოდ აქტიურობთ. რა იყო თქვენი მიზანი?

          _ქართველი ახალგაზრდების მესამედი არც მუშაობს და არც სწავლობს. მგონია, რომ ამის გამომწვევი მიზეზი, სწორედ ინფორმაციის ნაკლებობაა სხვადასხვა შესაძლებლობაზე. ამის გამო, არ იციან როგორი გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ კონკრეტულ მომენტებში. მათ შორის მეც არ ვიცოდი რამდენიმე წლის წინ და ამისათვის დამჭირდნენ ადამიანები, რომლებიც გარკვეულ რჩევებს მომცემდნენ. ვფიქრობ, რომ ახლა ჩემი  ვალია, რომ სხვა ადამიანებს მივცე მიმართულებები ამ კუთხით. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პლატფორმები, რომლებიც შევქმენი უფრო მეტ ადამიანს დაეხმარება პროფესიულ თვითრეალიზაციაში. აქამდე 500-ზე მეტმა ადამიანმა შეძლო ჩვენი პლატფორმების დახმარებით სამსახურის მოძებნა ან გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მიღება, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

          _ცხოვრებაში კარიერულ განვითარებასთან ერთად, მნიშვენლოვანია…

_ვფიქრობ, რომ კარიერული განვითარება ყველასთვის მნიშვნელოვანი არ არის. ცხოვრებაში, მთავარია ადამიანები იყვნენ ბედნიერები.

1, 085
ნიკა ხოსიტაშვილი

ნიკა ხოსიტაშვილი