ქართველი ემიგრანტის წარმატებული პროექტი აშშ-ში

 ქართველი ემიგრანტის წარმატებული პროექტი აშშ-ში.

დღეს საქართველოს უამრავი მოქალაქე ემიგრაციაში იმყოფება.ყველაზე კარგი შეგრძნება არის,როცა იგებ ამა თუ იმ ქვეყანაში, შენი თანამემამულის წარმატებების შესახებ ამბავს.ამ დროს სიამაყის გრძნობა გიპყრობს და მისი წარმატება შენად მიგაჩნია.

ალბათ სწორედ ასეთი  ამბები ითვლება  ემიგრაციის დადებითი მხარედ.

EDITORI.GE  დაუკავშირდა ნათია აგლაძეს,რომელიც  ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტია.

ნათია რვა თვეა რაც ვაშინგტონში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც კვლავ აქტიურად გააგრძელა მისი საქმიანობა და წელს  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლებში მისმა პროექტმა დაფინანსებაც მოიპოვა.

 

-მოგესალმებით ნათია, გთხოვთ გაეცანით ჩვენს მკითხველს…

მე გახლავართ ნათია აგლაძე, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქ. ვაშინგტონში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი

-რამდენი ხანია რაც ამერიკაში იმყოფებით? ოჯახთან ერთად ხართ თუ მარტო?

ქ. ვაშინგტონში საცხოვრებლად ზუსტად პანდემიამდე, რვა თვის წინ გადმოვედი, როდესაც ჩემს მეუღლეზე დავქორწინდი, რომელიც ამერიკელი გახლავთ.

-რას საქმიანობთ გარდა იმისა, რომ ჩართული ხართ სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში?

გარდა იმისა, რომ კოორდინაციას ვუწევ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ ჩემს პროექტს სახელწოდებით „ინგლისური ენის სასწავლო კურსი ემიგრანტებისთვის“, ასევე, გაეროს მოხალისეობრივი პროგრამის ფარგლებში, დისტანციურად ვთანამშრომლობ აფრიკაში მოქმედ ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, რომელსაც ვეხმარები საგრანტო პროექტის დაწერაში.

-ამერიკაში წელს თქვენმა პროექტმა აიღო დაფინანსება, მოგვიყევით თქვენი პროექტის შესახებ და როგორ ხდება ამ ეტაპების გავლა?

პროფესიით სახელმწიფო მოხელე გახლავართ. საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) დასრულების შემდეგ, ჩემი საქმიანი თანამშრომლობა ყოველთვის უკავშირდებოდა საერთაშორისო ორგანიზაციებს და მათ მიერ დაფინანსებულ პროექტებს საქართველოსა თუ მის ფარგლებს გარეთ. ჩემმა წარმატებულმა სამუშაო გამოცდილებამ პროექტების მართვის კუთხით, მიბიძგა ახალი ინიციატივის განხორციელებისკენ, თუმცა ამჟამად უკვე ემიგრანტის რანგში.

მოგეხსენებათ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, დიასპორული ინიციატივების წახალისების მიზნით, 2019 წლიდან ახორციელებს „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის“ საგრანტო პროგრამას. ღია კონკურსის წესით, საგრანტო პროგრამის ფარგლებში ფინანსდება საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მიერ წარდგენილი პროექტები. წელს, ყურადღება გამახვილდა კორონავირუსის გავრცელებისგან გამოწვეული კრიზისული ვითარების დაძლევაზე და უცხოეთში მყოფი თანამემამულეების დახმარებაზე, ასევე, დიასპორული ორგანიზაციების ფუნქციონირების ხელშეწყობაზე.

ჩემ მიერ წარდგენილმა პროექტმა, რომელიც საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვის ინგლისური ენის დისტანციურ სწავლებას გულისხმობს, გაიარა კონკურსის რამდენიმე ეტაპი და მოიპოვა დაფინანსება. პროექტი 3 თვიანია და მიმდინარე წლის დეკემბრის თვეში დასრულდება. ჩვენ გვყავს 50-მდე სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის მსმენელი (ქართველი ემიგრანტები) ევროპის ქვეყნებიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან. პროექტში ჩართულია ინგლისური ენის 2 პედაგოგი, რომლებიც ასწავლიან ჩვენს თანამემამულეებს ინგლისურ ენას. ენის გაკვეთილები ტარდება კვირაში 2-ჯერ წინასწარ შედგენილი გრაფიკისა და სასწავლო პროგრამის მიხედვით.

-რამდენი ხანია რაც საქართველოს მხრიდან მაღალი ჩართულობით ხორციელდება მსგავსი პროექტების დაფინანსება და რამდენ ხანში ერთხელ ხდება ეს?

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის“ საგრანტო პროგრამა პირველად 2019 წელს განახორციელა, რომელიც საპილოტე იყო. მიმდინარე წელს, საგრანტო პროექტებზე კონკურსი მაისის თვეში გამოცხადდა და საპროექტო განაცხადების მიღება ივნისის თვეში დასრულდა. სამინისტროს ინფორმაციის თანახმად, წელს, მათ მსოფლიოს 19 ქვეყნიდან 45 გამარჯვებული პროექტი გამოავლინეს.

-რა უნდა იცოდეს იმ ადამიანებმა ვისაც გაუჩნდება სურვილი წარადგინოს საკუთარი პროექტი?

ვფიქრობ, აუცილებელია და გადამწყვეტად მნიშვნელოვანიც კი, საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების საჭიროებების კარგად ცოდნა და შემდეგ მათ საჭიროებებზე მორგებული იდეის ნათლად და მკაფიოდ ჩამოყალიბება პროექტის ფორმით. ჩემი იდეის განხორციელებამდე, კონსულტაციები გავიარე საზღვარგარეთ მოღვაწე ქართულ ორგანიზაციებთან და ასევე ქართველ ემიგრანტებთან, რათა უკეთ შემესწავლა მათი პრობლემები თუ საჭიროებები.

-თქვენი აზრით რას უწყობს ხელს მსგავსი აქტივობები?

მსგავსი პროექტების დაფინანსება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან, დიდი წახალისებაა ქართველი ემიგრანტებისთვის. ასეთი აქტივობები ხელს უწყობს ჩვენი თანამემამულეების აქტიურ ჩართულობას ქვეყნის განვითარების საქმეში. გარდა ამისა, ეს არის რეალური შესაძლებლობა მათი იდეების რეალიზებისა და საზღვარგარეთ ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციის.

-მომავალში თუ გეგმავთ მონაწილეობის მიღებას?

დიახ, ვგეგმავ. ახლახან დავასრულეთ ჩვენი პროექტის შუალედური შეფასება. პროექტის ხარისხის შეფასებასთან ერთად, ვეცადეთ ჩვენი მსმენელებისგან გაგვეგო იმ იდეებისა თუ საჭიროებების შესახებ, რაზეც ისურვებდნენ მომავალ პროექტს. მათგან ძალიან საინტერესო იდეები წამოვიდა, რასაც ვფიქრობ აუცილებლად გავითვალისწინებ.

-რა არის თქვენი სამომავლო გეგმები?

მას შემდეგ, რაც მუდმივ საცხოვრებლად ვაშინგტონში გადმოვედი, ორმაგად უფრო დიდი სურვილი მაქვს, ჩემი ცოდნა და გამოცდილება საკუთარი ქვეყნის განვითარებას, მის პოპულარიზაციას და ქართველ ხალხს მოვახმარო.

ქართველი ემიგრანტის წარმატებული პროექტი აშშ-ში

1, 748
მედეა მამფორია

მედეა მამფორია