ცნობილი, რომ მამაკაცის ქართულ სამოსს – ჩოხა-ახალუხს, ქართველთა გარდა, ჩრდილოეთ კავკასიის სხვა ხალხებიც მოიხმარდნენ. ასე რომ, ჩოხა საერთო კავკასიური სამოსიცაა. ის სამეცნიერო ლიტერატურაში “ჩერქეზკის” სახელითაა ცნობილი, რაც იმის ასოციაციას იწვევს, რომ თითქოს ადიღეელებმა შექმნეს და მათი მატერიალური კულტურის ეს ელემენტი კავკასიის სხვა ხალხებში, და, მათ შორის, ქართველებშიც ადიღეელებისგან გავრცელდა.
“ქართველი მამაკაცის სამოსი ოდითდანვე რომ კაბა/ჩოხა იყო, ამას თედო სახოკიას მიერ ჩაწერილი ეს ხალხური ლექსიც ადასტურებს: “ათასი კაბა ყმა მყავდა./ყველნი ოქროს ღილითა; /ვაჭმევდი დედალ ხოხობსა, /ვასმევდი ბროილს ჭიქითა. ვინცა შემება, შევები /ალალითა და ჯიქითა, /აწი თქვენ იცით, მეფენო, /ვინც დარჩით ამის იქითა”… აქ საუბარია იმაზე, რომ თამარ მეფეს კაბით შემოსილი ათასი ყმა ჰყავდა. ქართველები, მამაკაცებიც და ქალებიც, კაბით (რა თქმა უნდა, განსხვავებულით) იმოსებოდნენ, რომლის სიგრძე მამაკაცებში მუხლების ქვემოთ ყოფილა.
მამაკაცის კაბას/ჩოხას (სამეგრელოში “ღართი” ეწოდებოდა) ღილი არ გააჩნდა, შემდეგ კი წინიდან გაიხსნა და ღილებით იკვრებოდა. კაბის შიგნით უფრო მოკლე საგულე/ახალუხი სცმიათ. მოკლედ კი, ასე შეიძლება დახასიათდეს: ჩოხა კაბის სახის სამოსელია, რომლის საერთო ნიშანია გამოყვანილი წელი, განიერი ბოლო, მრავალკალთიანობა, ჩახსნილი წინა მხარე და ნაოჭებიანი კალთა. მკერდის მიდამოებში სოლისებური ღიობი ჰქონდა, რათა ახალუხი გამოჩენილიყო, კალთებზე შეჭრილი იყო რამდენიმე ჩაქი, სახელოები მაჯისაკენ განივრდებოდა და ხშირად აწეულს ატარებდნენ.
სულხან-საბა ორბელიანი ჩოხას “მატყლის სამოსელს” უწოდებს. საგულე რომ იგივე ახალუხია, ესეც საბას ლექსიკონიდან კარგად ჩანს: “საგულე კაბის შიგნით საცვამი”. ლექსიკოგრაფს კაბა ერთი სიტყვით აქვს განმარტებული და სამოსელს უწოდებს.
დროთა განმავლობაში, შარვლის შემოსვლის შემდეგ, ტერმინი “კაბა” მხოლოდ ქალის სამოსელს ეწოდა, ხოლო კაცის სამოსელზე ტერმინი “ჩოხა” გავრცელდა, რომელიც თავიდან (ვახუშტი ბაგრატიონის დროსაც) როგორც შალის ქსოვილის, ისე სამოსელის აღმნიშვნელი იყო. შუა საუკუნეებში ხშირად ბერის სამოსელსაც ჩოხა ეწოდებოდა ხევსურულ დიალექტში ჩოხა კაცის ზედა ტანსაცმელსაც ეწოდებოდა ქალის/დიაცის სამოსსაც: “შენ გინდა ქალის ჩოხაი, კარგი მანდილი თავზედა”.

ჩოხა-ახალუხში აგრეთვე შედიოდა: პერანგი, ქვედა საცვალი, ქუდი, სარტყელი და ქამარ-ხანჯალი. ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეების მიხედვით, ჩოხა-ახალუხს განსხვავებებიც ახასიათებდა. განსაკუთრებით თავისებური იყო ხევსურული კოსტიუმი (“ტალავარი”) და გურული, აჭარული და ლაზური “ჩაქურა” (გურიაში ჩაქურას “კვერტუასაც” უწოდებდნენ ).
ჩაქურა ქართული სამოსის განვითარებულ ვარიანტს წარმოადგენდა. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ჩოხა-ახალუხის განვითარებულ ვერსიასთან და შარვლის გამოკვეთილად დამკვიდრებასთან. ჩაქურას ზედატანი წელში გადაჭრილი ჩოხაა და წელს ზემოთ ჩასაცმელი. სამხრეთ-დასავლეთ საქართველოდან სამხრეთ შავიზღვისპირეთში მუჰაჯირად წასული ქართველები ჩაქურას ზედატანს დღესაც ჩოხას უწოდებენ, ხოლო კოსტუმის ქვედა ნაწილს, “შარვალს” – “ლაზურაის”. ისევე როგორც აჭარელები, ძველი კლარჯელებიც ჩოხის შიგნით ჩასაცმელს ზუბუნას სახელით მოიხსენიებენ. ფანელას შიგნით კი სელისგან მოქსოვილი პერანგი ემოსათ.
ჩოხის იმ სახემ, რომელიც ეთნოგრაფიული ყოფითაა ცნობილი, როგორც ჩანს, განვითარების საკმაოდ გრძელი გზა გაიარა და მისი საბოლოო ფორმირება გვიან შუა საუკუნეებში მოხდა. ჩოხა-ახალუხს კი საბოლოო სახე ცეცხლსასროლი იარაღის გავრცელებამ შესძინა. ჩოხაზე მიკერებულმა სამასრეებმა/საქილეებმა მისი სილამაზე და მოხდენილობა დახვეწა, ჩოხის ჩამცმელს კი მოხდენილობასთან ერთად, მეტი ვაჟკაცურობა შესძინა. მასრა-ქილებიანი ჩოხა კი ზოგადკავკასიური ტანსაცმლის ტიპია. შენიშნავენ, რომ მისი აქტიური გამოყენება საქართველოში XVIII საუკუნიდან იწყება”.
საქართველოში ჩვეულებრივ გამოსასვლელ ჩოხებთან ერთად ჰქონდათ საყოველდღიურო, სამუშაო ჩოხებიც. საყოველდღიურო, სამუშაო ჩოხას ჯიბეებს უკეთებდნენ. ასეთი ჩოხით, თავმომწონე კაცი გარეთ არ გავიდოდა, სირცხვილი ყოფილა. მარტო ახალუხით სტუმართან გამოჩენაც არ შეიძლებოდა. მასთან მასპინძელი აუცილებლად ჩოხა-ახალუხით და ქამარ-ხანჯლით დამშვენებული წარსდგებოდა.