შედეგები სკოლის გახსნიდან ერთი კვირის თავზე

Share on facebook
გაზიარება

“მიმდინარე კვირაში საქართველოს მასშტაბით კორონავირუსი მოსწავლეთა 0.03%-ს და სკოლის თანამშრომელთა 0,1% გამოუვლინდა,” – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მშობელთა მოთხოვნის ან კორონავირუსის შემთხვევის გამოვლენის საფუძველზე, საქართველოს მასშტაბით, სრულად დისტანციურ რეჟიმზე მიმდინარე კვირაში სრულად 11 სკოლა და 109 ცალკეული კლასი გადავიდა.

განათლების სამინისტრო აცხადებს, რომ მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალთა სავალდებულო ტესტირება საქართველოს მასშტაბით უწყვეტ რეჟიმში გრძელდება, რაც შეეხება მონიტორინგს,  სამინისტროს პირველი პირები და ადგილობრივი რესურსცენტრები სკოლების მონიტორინგს უწყვეტად ახორციელებენ.

„ვირუსის თავიდან ასაცილებლად, სამინისტროს მხრიდან ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ სკოლებს ჰქონდეთ ჰიგიენური საშუალებების მარაგი.

ხაზგასასმელია, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის დამტკიცდა რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის ახალი ფორმა. სკოლებში არსებული გარემოს მონიტორინგი კოვიდპანდემიის პერიოდში, სწორედ აღნიშნული ფორმით განხორციელდება. კერძოდ, მონიტორინგის პროცესში საგანმანათლებლო რესურსცენტებთან ერთად, ჩართულები იქნებიან სკოლამდელი, ზოგადი განათლებისა და ადმინისტრაციის დეპარტამენტის თანამშრომლები.

ვირუსის გამოვლენის შემთხვევებში სკოლებზე კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები გავრცელდება. ისინი იმოქმედებენ ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლის გათვალისწინებით,” – ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ სკოლებში სასწავლო პროცესი 15 თებერვლამდე დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა, 15 თებერვლიდან კი მასწავლებლებს საგაკვეთილო პროცესის წარმართვა სკოლაში შეუძლიათ.

fortuna.ge

58
ნატო არბოლიშვილი

ნატო არბოლიშვილი