ვაქცინის ურიგოდ გაკეთების გამო, ესპანეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსმა თანამდებობა დატოვა

Share on facebook
გაზიარება
ვაქცინის ურიგოდ გაკეთება

ესპანეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსმა, მიგელ ანჰელ ვილიაროამ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ურიგოდ გაკეთების გამო თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

 

მიგელ ანჰელ ვილიაროამ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება უკვე დაწერა, რომელიც ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა დააკმაყოფილა.

 

სკანდალი მას შემდეგ აგორდა, რაც ცნობილი გახდა, რომ ესპანეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსმა ვაქცინა იმ პერიოდში გაიკეთა, როდესაც გეგმის მიხედვით ვაქცინაცია მხოლოდ სამედიცინო პერსონალს და ხანდაზმულთა სახლებში მყოფ პირებს უნდა გაევლოთ.

 

თავად 63 წლის სამხედრო მაღალჩინოსანი ამტკიცებს, რომ პრივილეგიით არ უსარგებლია და დადგენილი პროტოკოლის მიხედვით მოქმედებდა.

 

„შეიარაღებული ძალების იმიჯის შესანარჩუნებლად, გენერალმა გადაწყვიტა, გადადეს“, – ნათქვამია ესპანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ცნობილი ხდება, რომ ესპანეთში სახელმწიფო მოხელეები „კოვიდ-19“-ის ვაქცინას ურიგოდ იკეთებენ. მანამდე, ანალოგიური ინციდენტი ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროშიც გამოვლინდა, რის გამოც ერთ-ერთ მაღალჩინოსანი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

 

ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ჩატარებული გამოძიების მიხედვით, მსგავს შემთხვევებს შესაძლოა, კიდევ ჰქონოდა ადგილი.

 

ესპანეთში კოვიდ-19-ის პანდემიის პერიოდში სულ 2,5 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა. მათგან 55 441 გარდაიცვალა – წერს 1tv.ge

 

590
ნიკა ხოსიტაშვილი

ნიკა ხოსიტაშვილი