კოსმეტიკით შესრულებული ნახატები-მარიკა ტარტარაშვილის ახალი სიტყვა ხელოვნებაში

EDITORI.GE დაუკავშირდა მარიკა ტარტარაშვილს. გარდა იმისა, რომ მარიკა არაჩვეულებრივად ხატავს ზეთით, აკრილით და აქვარელით , ჩვენი ყურადღება მიიპყრო კოსმეტიკით შესრულებულმა ნახატებმა…

მართალია მარიკა ამას განსაკუთრებულად არ მიიჩნევს, თუმცა თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს მიმდინარეობა ხელოვნებაში ახალი აღმოჩენა და ახალი სიტყვაა.

 

მოგესალმებით მარიკა,გაეცანით ჩვენს მკითხველს…

გამარჯობა! მე ვარ მარიკა ტარტარაშვილი 29 წლის საინგილოდან, ამჟამად ვცხოვრობ თბილისში მეუღლესთან ერთად, ვარ მხატვარი და მეიქაფ არტისტი.

-პროფესიით რა ბრძანდებით?

პროფესიით გახლავართ ინგლისური ენა და ლიტერატურის სპეციალისტი თუმცა ჩემი პროფესიით არასდროს მიმუშავია.

-სანამ თქვენს საქმიანობაზე გადავალთ მოგვიყევით თვენი ოჯახის შესახებ…

16 წლამდე ვიზრდებოდი და ვცხოვრობდი საინგილოში მშობლებთან და ბებია-ბაბუასთან ერთად, დედაჩემი პროფესიით ექთანია, მამა სამხედროს მასწავლებელი, მქონდა ძალიან კარგი ბავშვობა, 21 წლის ვიყავი, როდესაც ჩემი მომავალი მეუღლე გავიცანი და დღეს ერთად ვცხოვრობთ, ის მუსიკოსია.

-რა ასაკიდან ხატავთ?

ამ კითხვაზე ზუსტი პასუხის გაცემა სულ მიჭირს, რადგან ნამდვილად არ მახსოვს პირველად როდის ავიღე ფანქარი, ღრმა ბავშვობიდან მიზიდავდა ეს პროცესი.

-როგორც ვიცი განსხვავებულ სტილში ქმნით ნამუშევრებს მოგვიყევით ამის შესახებ,რას ხატავთ ძირითადად როგორ და ა.შ.

ალბათ კოსმეტიკით შესრულებულ პორტრეტებს გულისხმობთ, ვერ ვიტყოდი რომ განსხვავებულია, უბრალოდ ახალი ჟანრია ან “სიტყვაა” მხატვრობაში, მყავს საკმაოდ ნიჭიერი უცხოელი კოლეგები. მაგრამ მე მხოლოდ კოსმეტიკით არ ვხატავ, არამედ ფანქრით, ზეთის საღებავებით, აკრილით და აქვარელით.

-კერძო შეკვეთები თუ გაქვთ?

კერძო შეკვეთებზე ვთანხმდები თუ ჩემი და დამკვეთის გემოვნება და იდეა ემთხვევა, თუმცა ხშირად მომხდარა რომ დამკვეთის იდეები და მოთხოვნა არც თუ ისე სახარბიელო იყო და ასეთ დროს უარს ვეუბნები, მაგრამ ძირითადი მოთხოვნა მაინც ჩემს უკვე შესრულებულ ნამუშევრებზეა.

-როგორ შეიძლება თქვენი ნამუშევრების შეძენა?

ამ ეტაპზე არ მაქვს ჩემი ოფიციალური ვებ გვერდი, ამიტომ ჯერ კიდევ ვრჩები სოც. ქსელის ანაბარად ( facebook და instagram.) .ასევე ვსარგებლობ უცხოური ონლაინ მაღაზიებით, სადაც ვანთავსებ ჩემს ნამუშევრებს. სანამ პანდემია დაიწყებოდა მქონდა ძალიან ბევრი გეგმა, მათ შორის ვებ გვერდის შექმნაც, თუმცა ამდენი შემაფერხებელი გარემოებების ფონზე მომიწია დაპაუზება.

– რა არის თქვენთვის ხატვა, ეს ჰობია თუ ნაწილია თქვენი ცხოვრების?

ხატვა ჩემთვის ალბათ ყველაფერია, შეგრძნება მაქვს ჯერ ის შეიქმნა და შემდეგ მე მისთვის . მაქვს ძალიან ბევრი ჰობიც  მაგ: ჩემი ჰობია ქსოვა, კერვა, მზარეულობა (ძალიან მიყვარს ევროპული და აზიური კერძების მომზადება), ცხობა, აქსესუარების გაკეთება, სხვა და სხვა ენების ათვისება, კალათბურთი, ცურვა .

-რა გეგმები გაქვთ?

ძალიან ბევრი გეგმები მაქვს, მთავარია მათი შესრულება შევძლო.

– რა არის თქვენი ოცნება?

ჩემი ოცნებაა ვცხოვრობდე განვითარებულ სოციუმში სადაც განათლება და ხელოვნება პრიორიტეტული იქნება, 24 სთ არ მომიწევს სხვაგან წასვლაზე ფიქრი, ძალიან მინდა ჩემი რესურსი და შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოვიყენო თუმცა აქ არსებული გარემოება დამთრგუნველია და გიკლავს სტიმულს, იგივე ხდება ჩემი ადგილობრივი, უმრავლესობა კოლეგების ცხოვრებაში. ის ხელოვანები ვისაც დღეს მსოფლიო აღიარებს არაფრით იყვნენ განსაკუთრებულნი იმათზე ვინც საქართველოში პურის სანაცვლოდ ხატავდა და სარდაფში ცხოვრობდა გარდა შეგნებული და ინტელექტუალური საზოგადოების! ვისურვებდი მალე უკეთესობით შეიცვალოს ყველაფერი! ნებისმიერი განვითარებული თუ წარმატებული ქვეყნა სწორადაც რომ ხელოვანი ადამიანების წყალობით გახდნენ, მაგ: იტალია, საფრანგეთი, გერმანია, ჰოლანდია და ა.შ დღემდე წარმატებით იზიდავენ ვიზიტორებს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან რადგან ძალიან ბევრი ღირსშესანიშნაობები აქვთ ქვეყანაში. და ბოლოს დავამატებ კიდევ ერთ პატარა სურვილს  ჩვენს პირად საუბარში თქვენ მითხარით რომ : – “ ეს არის საინფორმაციო სააგენტო და ჩვენი ძირითადი მკითხველი ემიგრანტები არიან”-ო  ხოდა მინდა თითოეულ მათგანს წარმატება, ჯანმრთელობა და იღბალი ვუსურვო!

1,315
Share on facebook
გააზიარე
მედეა მამფორია

მედეა მამფორია