მარი კიკნაძე – კონდიტერიაში გაცოცხლებული ხელოვნება

კონდიტერიაში-გაცოცხლებული-ხელოვნება

კონდიტერიაში გაცოცხლებული ხელოვნება:

         ტორტები უკვე დიდი ხანია იმ ნუგბარად არ ითვლება, რომელსაც დიასახლისები განსაკუთრებული შემთხვევებისთვის აცხობენ. დღეს კონდიტერები ერთმანეთს ეჯიბრებიან ხელოვნების ნიმუშების შექმნაში.

როგორც წესი, კულინარიისადმი ინტერესს ერთხელ მაინც, ალბათ, ყველა გოგონა ავლენს ბავშვობაში, მაგრამ კარგი დიასახლისი და იშვიათი კულინარი მათგან ბევრი ვერ გამოდის. მაგრამ არსებობენ ისეთებიც, რომლებსაც ეს სფერო ხელოვნების რანგში აჰყავთ.

EDITORI.GE-ის რესპონდენტი სწორედ იმ იშვიათ კონდიტერებს შორისაა, რომლებიც საკუთარი ხელით სახელოვნებო სფეროს შედევრებს ქმნიან.

36 წლის მარი კიკნაძე ხაშურში ცხოვრობს. მისი თავდაპირველი პროფესია არანაირ კავშირში არაა კონდიტერიასთან. როგორც თავად ამბობს, ყოველთვის უყვარდა გემრიელი საჭმელებისა და ტკბილეულობის დამზადება, რამაც შემდგომში განაპირობა მისი საქმიანობა. თავისი პროფესიით არასდროს უმუშავია, რადგან არ უყვარს ერთფეროვნება და ახლანდელი გადმოსახედიდან ხვდება, რომ ფინანსები მის პერსონასთან კავშირში არ არის.

ბუნებით ძალიან პოზიტიური და მხიარულია, უყვარს ადამიანებთან ურთიერთობა. ჰყავს 16 წლის ქალიშვილი და ძალიან შურს ახალგაზრდა თაობის, რადგან მისი თქმით 21-ე საუკუნეში ბავშვები განვითარებისა და სწავლისთვის უსაზღვრო შესაძლებლობებს ფლობენ და ფიქრობს, რომ ეს შანსი ყველამ სწორად უნდა გამოიყენოს.

რაც შეეხება მის დაინტერესებას კონდიტერიისადმი, ისევ და ისევ კულინარიის მიმართ სიყვარულმა განაპირობა, რადგან თავადაც გურმანია. თუმცა არასდროს ამზადებს კერძს კონკრეტული რეცეპტის მიხედვით, რადგან ყოველთვის არღვევს წესებს და ცდილობს ყველა კერძში საკუთარი შტრიხი შეიტანოს.

კონდიტერიაში-გაცოცხლებული-ხელოვნება

 

თავდაპირველად, ტორტების გამოცხობა გარკვეული ფინანსური მოგების თვალსაზრისით გადაწყვიტა, რადგან უნდოდა თავის გოგონას უზრუნველად ეცხოვრა. საკონდიტრო კარიერა თავისსავე ქალაქში, ერთ-ერთ საკონდიტრო მაღაზიასთან დააკავშირა, რომელთანაც პატარა ხელშეკრულების საფუძველზე თავის პროდუქციას ამზადებდა და  სარეალიზაციოდ აბარებდა. სწორედ აქედან დაიწყო ყველაფერი.

ამის შემდეგ, როგორც სიახლეებისა და მრავალფეროვნების მაძიებელმა ადამიანმა, აღნიშნულ საკონდიტროსთან საქმიანი შეთანხმება შეაჩერა და თავად, სრულიად დამოუკიდებლად, სახლის პირობებში  თავისი საყვარელი საქმის კეთება განაგრძო. თავისივე სახსრებით  დანადგარები შეიძინა და წარმატებამაც არ დააყოვნა.

მარიამი ბავშვობიდან ხატავს, ეს ნიჭი მას  მამისგან მემკვიდრეობით ერგო. ასევე, დასძენს რომ ხელოვანი ადამიანების ოჯახში დაიბადა და შემოქმედებითობა მისთვის უცხო არასდროს ყოფილა. ხატვის მიმართ ნიჭი და ინტერესი ადრეულ ასაკშივე იმდენად დიდი იყო, რომ არაერთ კონკურსში მონაწილეობას ღებულობდა. თუმცა სერიოზულად არასდროს უფიქრია, რომ მომავალში ამ სფეროს გაჰყოლოდა, რასაც ისევ დროს აბრალებს. შემდგომ უკვე იფიქრა, ნახატები ტორტებზე გადაეტანა, რასაც გარშემომყოფებისაგან დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა და თავს ინტერპრეტირების უფლებაც მისცა. ხატავდა, ქმნიდა და ტორტებზე გადაჰქონდა ყველაფერი, რაც მისი ინტერესის სფეროდ ითვლებოდა. მათ შორის, ვან გოგის მზესუმზირები, აჭარული ხაჭაპური, ძველი სადენიანი ტელეფონი, შემწვარი გოჭი და კიდევ უამრავი სხვა განსაცვიფრებელი ნამუშევარი, რომელსაც კრემის საშუალებით გამოხატავდა, რომლის შეჭმაც ადამიანს თავში აზრადაც კი არ მოუვა.

კონდიტერიაში-გაცოცხლებული-ხელოვნება

მისი შემოქმედება კონკურენტების მხრიდან მიბაძვის საგანიც გახდა, რაზეც თავიდან ცოტა გაღიზიანდა, მაგრამ ახლა უკვე იუმორით უყურებს ამ ყველაფერს და ფიქრობს, რომ ბედნიერია, თუ ვინმესთვის ინსპირაციის წყარო გახდება.

ძალიან უნდოდა თავის პატარა ქალაქში დიდი საკონდიტროს გაკეთება, თუმცა როგორიც თვითონ სურს, ამის განხორციელება დიდ ფინანსურ რესურებთან და გარკვეულ სირთულეებთან ასოცირდება, რისი შესაძლებლობაც, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე არ აქვს. ხაშურში კი ამ ყველაფრის წამოწყება არ უღირს, რადგან ამის მცდელობა  რამდენჯერმე ჰქონდა, თუმცა საბოლოო ჯამში ეს მიზანი შორეულ პერსპექტივაში გადაიდო.

საქმიანი შემოთავაზება აქამდეც და ახლაც არაერთი ჰქონია, კერძოდ კი საკონდიტრო „დონასგან“ დეკორატორის პოზიციაზე შეთავაზება მიიღო, თუმცა ბოლომდე ვერ ჩამოყალიბდა, თავისი ბიზნესი წამოიწყოს ამ მიმართულებით თუ სხვა კომპანიაში ჩადოს მთელი თავისი რესურსი.

მისი აზრით, ტორტი  კონკრეტულ პიროვნებას უნდა გამოხატავდეს, ვისთვისაც  შეკვეთას ამზადებს. ასე რომ, შეკვეთის მიღებისას, მომხმარებელთან ხანგრძლივი გასაუბრების პროცესს აწარმოებს და დეტალებში ერკვევა, თუ რა მოეწონება და გაუხარდება იმ ბავშვს ან ადამიანს, რომლისთვისაც მზადდება მისი საოცარი ტორტები. ამის შედეგად მან ადამიანების ნდობა მარტივად მოიპოვა, რის გამოც, მისი ტორტები ხშირად ხდება მათი აღფრთოვანების მიზეზი.

თავისუფალი დროის სიმცირის გამო,  ხატვისგან გამოწვეული სიამოვნება ძალიან დააკლდა და ამიტომ ცდილობს მისი ეს სურვილი ტორტებზე გადატანით დაიკმაყოფილოს. ტორტები, რომლებიც  ხელით მოხატა, კიდევ უფრო დიდი განცვიფრება გამოიწვია საზოგადოების მხრიდან.  ასევე, მიაჩნია, რომ კონდიტერულ სფეროში კრეატივის ნაკლებობაა, მას კი უამრავი იდეა აქვს და ცდილობს, დაანახოს ადამიანებს ის განსხვავებული და უცხო მიმართულება, რასაც თავისი საქმიანობით გამოხატავს.

კონდიტერიაში-გაცოცხლებული-ხელოვნება

თავდაპირველად, სხვადასხვა მხატვრისა და მისეული ინსპირაციული ხედვის  კრემზე გადმოტანა,  მარკეტინგული გათვლა სულაც არ ყოფილა მისთვის. როდესაც ვან გოგის ცნობილი შედევრი „მთვარიანი ღამე“  ტორტზე გადმოიტანა, ეს იმ გოგონასთვის დაამზადა, რომელსაც თავად ძალიან უყვარდა აღნიშნული ხელოვანი და მისი შემოქმედება.

ფიქრობს, რომ თითოეულ ტორტზე მუშაობა განსხვავებულ სირთულესთან ასოცირდება, რომელშიც ასევე  მისი გრაფიკულად გაფორმება და დამუშავება იგულისმება. გამომდინარე იქიდან, რომ მარიამი სახლში მუშაობს, უამრავი ისეთი დანადგარი აქვს, რომელიც ზოგჯერდიდ საკონდიტროებსაც კი არ მოეპოვებათ. ასე რომ, ეს ტექნიკაც გარკვეულწილად  საქმეს უმარტივებს. ხშირად ისეთი შეკვეთებიც აქვს, როდესაც კონკრეტულ ტორტზე მუშაობას ორი დღე მოანდომა, მაგალითად, როდესაც მარცპანზე მუშაობს, ტორტის გასაფორმებლად ფიგურების გამოძერწვაა საჭირო.

„მე თვითონ ვმუშაობ ყველა დეტალზე, დაწყებული გაფორმებითა და ფიგურების ძერწვით, დამთავრებული გამოცხობით. ზოგჯერ ხატვაშიც ჩემი შვილიც მეხმარება, რომელიც ასევე ძალიან კარგად ხატავს. ვან გოგის „მზესუმზირები“ მთელი თავისი პროცესის ჩათვლით 3 საათში დავასრულე“ – ამბობს იგი.

კონდიტერიაში-გაცოცხლებული-ხელოვნება

მისი აზრით, კონდიტერია დიდ ქალაქებში ძალიან შემოსავლიანი სფეროა, რადგან იქ პროდუქციის საფასური ბევრად მეტია, ვიდრე პატარა რეგიონებში. ვინაიდან იგი საქმიანობას ხაშურში უძღვება, ამ ყველაფრიდან საშუალო მოგება აქვს.

მისთვის ტორტების გამოცხობა ძალიან დიდ პასუხისმგებლობასთან ასოცირდება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მისი დამზადებული ტორტით ისეთ მნიშვნელოვან თარიღებს აღნიშნავენ, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე დაამახსოვრდებათ. მაგალითად, ქორწილისთვის დამზადებული ტორტი მისთვის ძალიან დიდი სტრესია, რადგან რამდენიმე სართულიანი ფენების გამო, ძნელია მისი ტრანსპორტირება. ამის გამო, ქორწილის შეკვეთებს ძალიან იშვიათად იღებს. ასევე, ამ საქმიანობის უარყოფით მხარედ მიიჩნევს მომხმარებლების გაღიზიანებას, იმის გამო, რომ თითქმის ვერასდროს ასწრებს შეკვეთების სრულად განხორციელებას და ხშირად არაერთი მათგანი უკმაყოფილო ყოფილა.

„იმ ადამიანებს, რომელთაც სურთ, რომ დაკავდნენ ამ საქმიანობით, თუმცა არ იციან როგორ გახდნენ წარმატებულები, ვურჩევდი, რომ იყვნენ თვითკრიტიკულები და ძალიან ბევრი იმუშაონ საკუთარ თავზე თუ სურთ, მომხმარებლისა და მათი კმაყოფილება მათი პროდუქციისადმი ერთმანეთთან იყოს თანხვედრაში. ამ თვისებით, ისინი ნამდვილად განვითარდებიან“ – მარი კიკნაძე.

 

 

 

  

 

2,127
Share on facebook
გააზიარე
მედეა მამფორია

მედეა მამფორია