პანდემიის გამო, ვენეციის კარნავალი ვირტუალურ ფორმატში გაიხსნება

ვენეციის კარნავალი

პანდემიის გამო, ვენეციის კარნავალი ვირტუალურ ფორმატში გაიხსნება:

ამის შესახებ ინფორმაციას euronews.com ავრცელებს

 

ვენეცია კარნავალისთვის ემზადება. კარნავალის ნახვა ონლაინ რეჟიმში ვიდეოტრანსლაციის შედეგად იქნება შესაძლებელი. მათთვის კი, ვისაც კარნავალში მონაწილეობა სურს, ვირტუალური ოთახები მოეწყობა.

 

ვენეციის კარნავალი — კარნავალი იტალიის ქალაქ ვენეციაში. იგი დასაბამს X საუკუნიდან იღებს და ყოველწლიურად, დიდმარხვის დაწყებამდე, 12 დღის განმავლობაში მიმდინარეობს. მოსახლეობა ნაირგვარ კოსტიუმებსა და ნიღბებში გამოწყობილი მხიარულობს ქალაქის ქუჩებში

ვენეციის კარნავალი

კარნავალი ის დღესასწაულია, სადაც ყველა ოინს გასავალი აქვს”, – ასე ამბობენ აპენინების ნახევარკუნძულზე. ამიტომაც, თებერვლის სუსხიან დღეებში ვის აღარ გადაეყრებით ქვეყნის თითქმის ყველა ქალაქის ქუჩებში: იმპერატორებს, უფლისწულებს, მეკობრეებსა თუ მეწაღეებს, ბუმბულასხმულ დიდგვაროვან ბარონესებსა და მათ ლაქიებს, რომლებიც მზეს უჩრდილავენ თავიანთ ქალბატონებს. შეხვდებით ისტორიულ პერსონაჟებსაც: დიდ ვენეციელ მოგზაურ მარკო პოლოს თუ ქალების გულთამპყრობელ ჯაკომო კაზანოვას.

 

აპენინის ნახევარკუნძულზე კარნავალი თითქმის ყველა ქალაქში მეტ-ნაკლები პომპეზურობით აღინიშნება. ისტორიას ახსოვს შუა საუკუნეებში, პონტიფიკოსების მიერ აგონესა (დღევანდელი პიაცა ნავონა) და ტესტაჩოზე გამართული დიდებული კარნავალები, რომლებიც ებრაელთა გეტოებიდან ფინანსდებოდა. კარნავალი ხორცთან გამოთხოვების დღესასწაულია. შუა საუკუნეებში, როდესაც საკვები ისედაც რთულად იშოვებოდა, ცხოველურ პროდუქტზე ნებაყოფლობით უარის თქმა, გარკვეულწილად, მსხვერპლის გაღებას ნიშნავდა. ამიტომ რომში, დიდმარხვის წინა დღეებში, ანტიკური ტრადიციების თითქმის ზედმიწევნითი დაცვით მართავდნენ ერთკვირიან სანახაობებს და მოედნებზე აპურებდნენ ხალხს.

ვენეციის კარნავალი

ამ დღესასწაულს დღეს გამორჩეულად ზეიმობენ ვიარეჯოსა და ასტიში. თუმცა ყველაზე პომპეზურ სანახაობად, ტრადიციულად, ვენეციის კარნავალი მიიჩნევა, რომელსაც საფუძველი 1094 წელს, დოჟმა ვიტალე ფალიერმა ჩაუყარა, 1296 წელს კი ვენეციის რესპუბლიკის სენატმა ის ოფიციალურ დღესასწაულად ცნო.

 

კარნავალის მთავარი ატრიბუტი სადღესასწაულო კოსტიუმები და, ბუნებრივია, ვენეციის სავიზიტო ბარათებად ქცეული ნიღბებია. ვენეციაში ნიღბებით სიარული არა მხოლოდ საკარნავალო დღეებში, არამედ თითქმის ყველა გამორჩეულ დღესასწაულზე იყო შესაძლებელი. მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან კი შენიღბული სახით მისვლა ქალაქის მრავალრიცხოვან თეატრებშიც გახდა დასაშვები. ნიღბის გამოყენება მხოლოდ დასაოჯახებელ ქალწულებს ეკრძალებოდათ.

 

კარნავალის დღეებში ვენეციის ქუჩებში ყველაზე ხშირად კომედია დელ არტეს პერსონაჟების: პანტალონეს, არლეკინის, კოლომბინას ფორმებში გამოწყობილ ადამიანებს გადაეყრებით. თუმცა, იმ ადამიანებში, ვისაც სადღესასწაულო კოსტიუმებისთვის დიდი თანხების გადახდა არ ენანება, ყველაზე დიდი პოპულარობით, დიდებული და მისტიკური ვენეციური კოსტიუმი – ბაუტა სარგებლობს. ბაუტა ტრადიციული შავი მასიური მოსასხამისგან – ტაბაროსა და ნიღბისაგან შედგება. კაცების ნიღაბი თეთრი შეფერილობისაა და ლარვა ჰქვია, რაც თარგმანში მოჩვენებას ნიშნავს. ქალები კი უპირატესობას რუხი ფერის ოვალურ „მორეტას” ანიჭებენ.

ვენეციის კარნავალი

ბაუტა ვენეციელებს საშუალებას აძლევდა, შეენარჩუნებინათ ანონიმურობა და კარგად დაეფარათ არა მხოლოდ სახე, არამედ სქესიც. ეს ყველაზე შესაფერისი კოსტიუმი გახლდათ აკრძალული სასიყვარულო თამაშების დასაწყებად იმ ქალაქის მკვიდრთათვის, რომელიც სასიყვარულო ინტრიგებითაა სახელგანთქმული და რომელსაც ბევრი ცნობილი ადამიანის სასიყვარულო თავგადასავალი უკავშირდება – დაწყებული კაზანოვათი, დამთავებული გაბრიელე დანუნციოსა და ელეონორა დუზეს რომანით. როგორც ამბობენ, ბაუტა გამორჩეულად უყვარდათ ახალგაზრდა ვენეციელ პატრიცებს და საკარნავალო დღეებში, მათ მღვდელმსახურებიც ხშირად მიმართავდნენ ფარული ვნებების დასამალად.

 

ისევე, როგორც ძველ დროში, დღესაც კარნავალის მონაწილეები არა მხოლოდ საზეიმო კოსტიუმებში ეწყობიან, არამედ სადღესასწაულო ოხუნჯობებსაც არ ივიწყებენ, რაც, ერთი შეხედვით, საპირველაპრილო ხუმრობებს მოგვაგონებს. თუმცა ზოგჯერ, სადღესასწაულო ოინებს არცთუ წარმატებული დასასრული აქვს. წლიდან წლამდე საკარნავალო ოხუნჯობებისთვის ისე ემზადებიან, რომ ხშირად სრულიად არასახუმარო საქციელსაც საზეიმო ოინად მიიჩნევენ, ანდა, პირიქით. ასეთი ხუმრობები ნახევარკუნძულებზე ბევრი ახსოვთ: მაგალითად, ქალაქ ბრინდიზის აეროპორტის თანამშრომელმა თებერვლის სუსხიან დღეებში ცრუ განგაში ატეხა, რომ აეროპორტი დანაღმული იყო. ევაკუაციის შედეგად, ათობით ადამიანმა დატოვა ტერიტორია, საგანგებო რეჟიმზე გადავიდა პოლიცია და, საბოლოო ჯამში, ოხუნჯი თანამშრომელი დააკავეს. როგორც ამბობენ, „იდიოტიზმის ბრალდებით”.

 

 

396
Share on facebook
გააზიარე
მედეა მამფორია

მედეა მამფორია