ქეთი ვერულიძე – გოგონა, რომელიც Facebook-ზე უფასოდ ასწავლის ახალგაზრდებს ინგლისურს

ქეთი-ვერულიძე

ქეთი ვერულიძე – გოგონა, რომელიც Facebook-ზე უფასოდ ასწავლის ახალგაზრდებს ინგლისურს:

ბოლო დროს აქტუალური გახდა ინგლისური ენის სწავლება Facebook პლატფორმის საშუალებით. მოსწავლეები და მასწავლებლები ძალიან მონდომებით არიან ჩართულნი ამ საგანმანათლებლო პროცესში. Facebook-ზე არაერთმა ახალგაზრდამ შექმნა თავისი ბლოგი/ჯგუფი, რომელშიც ინგლისური ენით დაინტერესებული უამრავი ადამიანია გაწევრიანებული. სწავლების ამ მიმართულებამ დიდი მოწონება დაიმსახურა საზოგადოებაში, რადგან თავიანთთვის სასურველ უცხო ენას შეისწავლიან სრულიად უფასოდ, სწრაფად, მარტივად და ხარისხიანად.

EDITORI.GE დაუკავშირდა ერთ-ერთ ასეთ ახალგაზრდას, რომელიც Facebook ჯგუფის საშუალებით ატარებს ინგლისური ენის ლაივ-გაკვეთილების, რა თქმა უნდა, უფასოდ. ქეთი ვერულიძე სწორედ ის გოგონაა, რომელმაც გამოიჩინა ინიციატივა და შექმნა პლატფორმა: “Teach & Learn English with Katie/ისწავლე და ასწავლე ინგლისური ქეთისთან ერთად“.

მისი მოტივი იყო იმ ადამიანებს მოეყარათ ერთ სივრცეში თავი, რომლებსაც აინტერესებთ და უბრალოდ ძალიან უყვართ ინგლისური. უფრო დაწვრილებით კი მან თავისი მიზნებისა და განწყობის შესახებ თავად გაგვიზიარა.

ქეთი ვერულიძე:

_მივესალმები ედიტორის მკითხველს. მე ქეთი ვარ, 22 წლის. დავამთავრე “თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის” ჰუმანიტარულ-მეცნიერებათა ფაკულტეტი. 6 წელია, რაც უკვე ჩემს ცოდნას ვუზიარებ ინგლისური ენის შესწავლის მსურველებს.

_რატომ გაგიჩნდათ ეს იდეა, რომ საკუთარი გამოცდილება ინგლისურ ენაში ახალგაზრდებისთვის გაგეზიარებინათ და არა მარტო. რა იყო თქვენი მიზანი?

_თავდაპირველად, რა თქმა უნდა, ეს საქმიანობა იმისათვის დავიწყე, რომ სწავლის პარალელურად მქონოდა საკუთარი შემოსავლის წყარო. შემდგომ ისე მომეწონა ეს პროცესი, როცა ჩემს ცოდნას სხვასაც ვუზიარებდი, რომ ამას უკვე მხოლოდ შემოსავლის გამო აღარ ვაკეთებდი და დღემდე ასეა. ალბათ, დამეთანხმებით, რომ ძალიან დიდი ბედნიერებაა, როცა საყვარელ საქმეს აკეთებ. ძალიან მიყვარს ბავშვები, ზოგადად, ადამიანებთან ურთიერთობა და დღითიდღე ვრწმუნდები, რომ ეს პროფესია აბსოლუტურად ჩემია.

_რამდენად მარტივია უცხო ენის შესწავლა დისტანციურად?

_დისტანციური სწავლება ჩვენი დროის მთავარ გამოწვევად შეიძლება ჩაითვალოს. მიუხედავად იმისა, დროთა განმავლობაში არა მარტო დავძლიეთ ეს პრობლემა, არამედ დადებითი კუთხითაც შევხედეთ. აქტიურ დისტანციურ სწავლებაზე ბოლო 1 წელია რაც გადავედი, თუმცა მანამდეც მქონია ონლაინ გაკვეთილები უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან, ასე რომ, დისტანციური სწავლება უცხო ხილი სულაც არ ყოფილა ჩემთვის. საბედნიეროდ, ჩემი მოსწავლეები, როგორც ბავშვები, ისე ზრდასრულები, აქტიურად მომყვებიან ონლაინ მეცადინეობებში, ასე რომ, გამომუშავებული უნარების წყალობით არ გვეშლება ხელი მივიღოთ სრულფასოვანი ცოდნა ამ პირობებშიც.

_შენი აზრით, ინგლისურ ენას რა გამოარჩევს სხვა ენებისგან?

_პირველ რიგში ის, რომ ინგლისური საერთაშორისო ენად არის აღიარებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ენის ცოდნის შემთხვევაში ბარიერს არ წარმოადგენს არც ერთი ქვეყნის მოქალაქესთან კომუნიკაცია. გარდა ამისა, გლობალიზაციის პერიოდში, ინგლისური ენის არ ცოდნა ძალიან გვხევს უკან, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი უცხო ქვეყანაში სწავლისა და მუშაობის შანსები თითქმის ნულის ტოლია. იგივე შეიძლება ითქვას ჩვენს ქვეყანაზეც.

_რა სირთულეებს აწყდებით სწავლების დროს?

_ეს უკვე ინდივიდუალურია, თუმცა ძირითადი პრობლემა მაინც, ალბათ, განათლების სისტემაშია. სკოლაში მიღებული ცოდნა საკმარისი ხშირად არ არის ხოლმე, ამიტომ გვიწევს უფრო მეტი დროისა და ენერგიის ხარჯვა ენის სრულყოფილად შესასწავლად.

_ფიქრობ თუ არა, რომ შენი საქმიანობა სამომავლოდ ინგლისურ ფილოლოგიას დაუკავშირო ხანგრძლივი დროის განმავლობაში?

_ინგლისური ენა ძალიან მიყვარს, დიდი ხანია ვსწავლობ და არც ერთი წამით არ ვდუნდები. არ ვფიქრობ, რომ უკვე შემიძლია გულხელდაკრეფილი ვიჯდე. მისი სწავლებაც ძალიან დიდ დახმარებას მიწევს. ასე რომ, ჩემი და ინგლისურის გზები დიდი ხნის წინ გადაიკვეთა და სამომავლოდაც არა მგონია, რამე შეიცვალოს.

_ფიქრობ თუ არა რომ მსგავსი Facebook ჯგუფები ინგლისური ენისათვის სასარგებლო უნარ-ჩვევებს გამოუმუშავებს მათ, ვისაც სურს სწრაფად და მარტივად შეისწავლონ ეს ენა?

_რა თქმა უნდა, მსგავსი თემატიკის ჯგუფების შექმნის იდეაც სწორედ ამ მოტივით გაჩნდა. შესაძლოა, მხოლოდ ჯგუფი (გააჩნია ჯგუფსაც) არ იყოს საკმარისი სრულყოფილად შესწავლისთვის, თუმცა ცონდის გამეორებისთვის, გაღრმავებისა და გაუმჯობესებისთვისა ერთ-ერთი საუკეთესო გზაა. ამასთან ერთად, ყველასთვის ხელმისწავდიმიც, ერთადერთი რაც გვჭირდება, ფეიბუქის ანგარიშის ქონაა.

_რას ურჩევდი იმ ადამიანებს, რომელთათვისაც ინგლისური ენის შესწავლა დღემდე გადაულახავ ბარიერად რჩება?

_პირველ რიგში, საკუთარი თავები უნდა დაარწმუნონ, რომ ინგლისური ენა ერთ-ერთი ყველაზე მარტივია მსოფლიოში. სადაც ისწავლეს რუსული, გერმანული, ფრანგული და ა.შ. მაგათთან შედარებით ინგლისურის სწავლას გაცილებით უფრო მარტივად შეძლებენ. ამაში თავადაც დარწმუნდებიან, როცა სერიოზულად მოკიდებენ ხელს ამ საქმეს. ამის თქმის საშუალებას მისი მარტივი გრამატიკა და ფონეტიკა მაძლევს.

 

 

 

 

1,330
Share on facebook
გააზიარე
მედეა მამფორია

მედეა მამფორია