რა პრობლემებმა იჩინა თავი ბავშვებში ჩაკეტილობის გამო?!

დისტანციურ პირობებში ყოფნის გამო, ბავშვებში ისეთი პრობლემები გაჩნდა, როგორიც არის სიმსუქნე, აგრესიულობა, აღგზნებადობა, უძილობა, საგნის ათვისების პრობლემა, – ამის შესახებ პედიატრმა თემურ მიქელაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პედიატრი აღნიშნავს, რომ ბავშვთა უმრავლესობა კორონავირუსს უპრობლემოდ გადაიტანს, მაგრამ ნეიროფსიქიატრიული პრობლემების მოგვარება საკმაოდ რთულია.

„საკმაოდ რთულია ონლაინ მიჯაჭვულობა, განსაკუთრებით ისეთი ონლაინ მიჯაჭვულობა, რომელიც სწავლასთან არ არის დაკავშირებული. იქ არის სხვადასხა აგრესიული თამაშები, აურაცხელი შავი მასალა, რომელიც ბავშვებს სწრაფად იზიდავს და მშობლებს ბინის პირობებში მათი მართვა საკმაოდ უჭირთ. პირველ რიგში, გაჩნდა სხვადასხვა პრობლემა, როგორიც არის მაგალითად, სიმსუქნე. ბავშვებმა უკვე მკვეთრად მოიმატეს წონაში. გარდა ამისა, არის აღგზნებადობა, უძილობა, რაც დაკავშირებულია როგორც ეკრანდამოკიდებულებასთან, ასევე ბინის პირობებში გამოკეტვასთან. აღნიშნულის გათვალისწინებით, მეორე დღეს ეს ბავშვები გამოუძინებლებიდასტრესილები არიან, აქვთ საგნის შესწავლის ან ათვისების პრობლემა. ამიტომ, ჩვენი რეკომენდაციაა, რომ დღის განმავლობაში სამჯერ მაინც გავიდნენ ბავშვები გარეთ. გარდა ამისა, ბავშვებიდან წამოვიდა უკვე ზედმეტი აგრესია, რაც შემდეგში საკმაოდ რთული სამართავია.

შეიძლება კორონავირუსული ინფექცია მარტივად მიმდინარეობდეს ბავშვებში და ბავშვთა უმრავლესობა ვირუსს უპრობლემოდ გადაიტანს, მაგრამ ნეიროფსიქიატრიული პრობლემების მოგვარება მერწმუნეთ, საკმაოდ რთულია. მას შესაძლოა, რამდენიმე თვე და წელიც კი დასჭირდეს. ამ საფრთხის წინაშე უკვე დგანან განსაკუთრებით თინეიჯერული ასაკის ბავშვები. გახსნასთან ერთად აუცილებელია, რომ სკოლებმა და სხვადასხვა დაწესებულებამ მაქსიმალურად დაიცვან ჰიგიენური ნორმები, რამეთუ მათი დაცვით, ჩვენ არა მხოლოდ კორონავირუსს, არამედ სხვა ვირუსულ ინფექციებსაც თავიდან ვირიდებთ“, – განაცხადა პედიატრმა.

184
Share on facebook
გააზიარე
მედეა მამფორია

მედეა მამფორია