თეატრი პანდემიის მარწუხებში-მსახიობი კოკო როინიშვილი

 

მსახიობი კოკო როინიშვილი

პანდემიის პერიოდი თეატრისთვის უმძიმესი აღმოჩნდა,ასევე ეს პერიოდი მარტივი არ ყოფილა მსახიობებისთვის,რეჟისორებისთვის და მაყურებელთათვის.მსგავსი შემთხვევა,რომ თეატრი ამდენი ხნის განმავლობაში დახურულიყო,ისტორიას არ ახსოვს.არსებულ სირთულეებზე და თეარტის დღევანდელობიდან გამოწვეულ შესაძლო შედეგებზე,უფრო ვრცლად მსახიობმა კოკო როინიშვილმა ჩვენთან ინტერვიუში ისაუბრა.

1.თეატრის დღევანდელი მდგომარეობა შეიძლება ყველაზე დიდ გამოწვევად ჩაითვალოს,რაც კი მას აქამდე ჰქონია?

კი, ნამდვილად. ქართული თეატრისთვის მითუმეტეს, რადგან არასდროს გაჩერებულა ამდენ ხანს. 90იან წლებში, როდესაც ყინავდა გარეთაც და შენობაშიც, მაშინაც კი თეატრი მუშაობდა.

2.მოგვიყევით როგორ შეიცვალა მსახიობის,როგორც თეატრის მთავარი ოჯახისწევრის ცხოვრება პანდემიის პერიოში

ძალიან რთული აღმოჩნდა,როგორც მსახიობებისთვის ისე  მაყურებლისთვისაც. მსახიობს ზოგადად სჭირდება ე.წ. სცენიურ ფორმაში ყოფნა, რაც ამ პირობებში პრინციპში შეუძლებელია. ალბათ ამ ყველაფრის აღდგენა ძალიან რთული იქნება.

3.დიდი პრობლემების შემდეგ ადამიანები ყოველთვის ვამბობთ,რომ „რაც არ გვკლავს გვაძლიერებს“-რას ფიქრობთ ,შესაძლოა თეატრის ბედიც ასე განისაზღვროს და ეს პერიოდი მსახიობებისთვის და რეჟისორებისთვის მეტი სიძლიერის,ინსპირაციისა და შთაგონების წყარო გახდეს?

არ ვიცი. პირადად მე მუშაობის პროცესში უფრო ვაზროვნებ. თეატრის ხალხისთვის მნიშვნელოვანია ,,მოძრაობა“. ახალიც ამ მოძრაობაში იბადება… თუმცა ეს მხოლოდ ჩემი აზრია. შეიძლება სხვამ ეს დრო კარგად გამოიყენოს, ახალი იდეები გაუჩნდეს.

4.რეპეტიციების საშუალება თუ გეძლევათ ?

ამ ეტაპზე რეპეტიციები გაჩერებულია. როგორც მსახიობს რეპეტიცია ბოლოს 1 წლის წინ მქონდა. როგორც რეჟისორს ცოტა გამიმართლა და ციფრული ფესტივალისთვის დავდგი სპექტაკლი ,,ორთა ბოდვა“ ოქტომბერში. ახლა ჯერჯერობით არაფერი ხდება.

5.სერიოზული დარტყმა მიიღო თეატრალურმა ფესტივალებმა,რომელიც შემოდგომას უნდა ყოფილიყო და გაუქმდა,შემდეგი საფესტივალო პერიოდი ზაფხულია.თქვენი აზრით შესაძლებლობის შემთხვევაში,შეძლებს თუ არა თეატრი ამხელა პაუზის შემდეგ ფესტივალზე წარსდგომას?

გააჩნია როდის განახლდება სპექტაკლები. თუკი მალე დაიწყებს თეატრი მოშაობას, ზაფხულამდე მზად იქნება,რომ ღირსეულად წარსდგეს მაყურებლის წინაშე. სხვა შემთხვევაში ეჭვი მეპარება.

6.მაშინ როდესაც კაფე-რესტორნები გაიხსნა,რატომღაც თეატრი კვლავ დახურული დარჩა,თქვენი აზრით რამდენად უსაფრთხო და შესაძლებელი იყო ან არის,შესაბამისი რეგულაციებით თეატრის გახსნა?

მე ზოგადად წინააღმდეგი ვარ რაიმეს დაკეტვის, შეზღუდვების. და მჯერა რომ თეატრებს შეუძლიათ შეიუმუშაონ ისეთი გეგმა, რეგულაციები რომელიც იმუშავებს. თეატრიც გაიხსნება და მაყურებელიც უსაფრთხოდ იქნება. ასე რომ თავისუფლად შესაძლებელია გაიხსნას თეატრი, თუ ამის სურვილი იქნება.

7.იმ ფონზე,როდესაც სპექტაკლებიდან შემოსული ანაზღაურება ისედაც მწირია და ეს მწირი შემოსავალიც კი გაქრა,რაიმე მხარდაჭერა თუ აქვს თეატრს და მასში მოფუსფუსე ხელოვან ადამიანებს სახელმწიფოსგან?

ეს კითხვა უფრო უშტატო მსახიობებს ეკუთვნის. თუმცა რამდენადაც ვიცი ისინი არავის გახსენებია, სამწუხაროდ. არც არავითარი ხელშეწყობა არ ყოფილა სახელმწიფოს მხრიდან.

8.იზიარებთ თუ არა და რამდენად შესაძლებლად თვლით  სხვა ქვეყნების პრაქტიკას,მაგალითად შტატებისას,სადაც თეატრთა ნაწილი,ონლაინ პლადფორმაზე გადავიდა და სპექტაკლები ონლაინ რეჟიმში იდგმება,სადაც არც მსახიობთა საყვარელი მტვერი,არც მაყურებელთა სულისშემკვრელი სუნთქვა და არც მქუხარე ტაში აღწევს მსახიობამდე?

თეატრი მაყურებელთან უშუალო ურთიერთობაა. მგონია რომ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება. პირადად მე არ შემიძლია სპექტაკლების ეკრანებიდან ყურება. თეატრის ჯადოქრობა ხომ ზუსტად ეგ არის, რომ ეს ყველაფერი იქ, იმ მომენტში ხდება, რამდენიმე საათი ცოცხლობს.

9.იმ შემთხვევაში თუ პანდემიის მარწუხები,ისევ მჭიდროდ ჩაეჭიდება თეატრს ,რაიმე გეგმა ან ალტერნატივა თუ გაქვთ მსახიობებს და რეჟისორებს,რომლითაც  გზას იპოვით საკუთარ მაყურებლამდე მისაღწევად?

ახლა ერთადერთი რაც სწორად მიმაჩნია არის თეატრების გახსნა. თუ ეს არ მოხდა უფრო და უფრო გართულდება სიტუაცია. თუმცა ალბათ თეატრებმა უნდა შეიმუშაონ გეგმები. მაგ. იპოვონ ღია სივრცეები და იქ ითამაშონ სპექტაკლები.

10.და მაინც,რა ბედი ეწევა დროში გაჭედილ თეატრს ,თუ ეს მძიმე დრო მალე არ გავა?

მაინც გადარჩება თეატრი ამაში დარწმუნებული ვარ. ოღონ გზა იქნება ძალიან რთული. რაც დრო გავა ეს გზა უფრო გართულდება. მაგრამ თეატრი მაინც იარსებებს, სხვაგვარად შეუძლებელია.

 

539
Share on facebook
გააზიარე
მედეა მამფორია

მედეა მამფორია